აშშ-ის მიერ მოკლული ირანელი გენერლის შემცვლელი შურისძიების პირობას დებს

  • 20 იანვარი 23:00

ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფ ალ-ქუდსის ახალი მეთაური ისმაილ ყაანი პირობას დებს, რომ მისი წინამორბედის მკვლელობისთვის შურს იძიებს. ინფორმაციას  Aljazeera ავრცელებს.

ყასემ სულეიმანის შემცვლელმა ამის შესახებ გუშაგთა კორპუსის მიერ გამართულ წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 


"მათ სულეიმანი ლაჩრულად მოკლეს, მაგრამ თავისუფლების მაძიებლების წყალობით, მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენ მისი მტრების წინააღმდეგ შურს ვიძიებთ“, - თქვა ისმაილ ყაანმა. 


შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს, გამთენიისას ბაღდადში ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს.


გენერალი სულეიმანი ''ალ-ქუდსის" ძალების მეთაური იყო. "ალ ქუდსი" ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფია, რომელიც უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი.


ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა.