ალექსანდრე თევზაძე: მომავალში ჩვენი უნივერსიტეტი გახდება ევროპული განთლების სივრცის ღირსეული წევრი

  • 14 დეკემბერი 20:49, 2019 წელი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ევროსაბჭოს ქვეყნის თავმჯდომარეობა ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროპის სივრცეში ინტეგრაცია:

„საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპის სივრცეში ინტეგრაცია და ზოგადად ევროპული ფასეულობები. თამჯდომარეობის პერიოდში ქვეყანა ირჩევს რამდენიმე პრიორიტეტს, რომელსაც განსაზღვრავს მისი თამჯდომარეობის განმავლობაში და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველომ ერთ-ერთ პრიორიტეტად აირჩია დემოკრატიის გაძლიერება განათლების, ახალგაზრდობისა და კულტურის ჩართულობით. ეს არის ის ფუნდამენტური ფასეულობები, რომელზე დაფუძნებით ჩვენ ვაშენებთ ახალ უნივერსიტეტს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ქვეყნის მიერ ასეთი პოლიტიკის მხარდაჭერით. ჩვენი უნივერსიტეტი მომავალი წლის შემოდგომაზე ახალგაზრდებს შესთავაზებს საერთაშორისო საგანმანთლებლო სივრცეს, სადაც ახალგაზრდები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის განათლების მიღებას შეძლებენ. დღეს ჩვენ ქვეყანას პატივად ერგო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჩვენი უნივერსიტეტი გახდება ევროპული განთლების სივრცის ღირსეული წევრი“, - განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.

ცნობისთვის, 27 ნოემბერს საქართველო ოფიციალურად გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. სტრასბურგში ოფიციალურ ცერემონიაზე საფრანგეთმა საქართველოს სიმბოლური გასაღები გადასცა.

დღეს თავისუფლების მოედანზე, "ქართული ოცნება" საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი აქცია-ღონისძიება "საქართველოს გზა ევროპისკენ" გაიმართა.