საყდრისის აფეთქებიდან 5 წელი გავიდა

  • 12 დეკემბერი 17:56, 2019 წელი

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დარეგისტრირებული გვერდი "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს აფეთქებიდან 5 წლის თავზე, იმ კითხვებს ავრცელებს, რაც ამ ხნის განმავლობაში მომხდართან დაკავშირებით დაისვა და დღემდე პასუხგაუცემელია.

5 წელი საყდრისის აფეთქებიდან!


ნაწილი II


2014 წლის 13 დეკემბერს ხელისუფლების მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებებით, სამთო მომპოვებელმა კომპანია RMG მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო - საყდრისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ააფეთქა. ერთი წლის განმავლობაში მთელი საქართველო ადევნებდა თვალს საყდრისის დამცველი მოხალისე მოქალაქეების (საყდრისის დაცვის კომიტეტი) შეუპოვარ ბრძოლას ძეგლის გადასარჩენად.


საყდრისის კომიტეტი აგრძელებს თხრობას საყდრისის, როგორც უძველესი ოქროს კერის შესახებ.


არქეოლოგიური ძეგლის დეტალური დაკვირვებით შესაძლებელი გახდა სხვადასხვა სამთო წარმოების მეთოდების შესწავლა, თუმცა ჩნდებოდა ისეთი მნიშვნელოვანი კითხვები, როგორიც იყო მაგალითად -


რა ძალისხმევა ან რა დრო იყო საჭირო ამა თუ იმ სამუშაოების შესასრულებლად?


რეალურად როგორ ხდებოდა სხვადასხვა მეთოდების გამოყენება, პრეისტორიული ხანის სამთო წარმოებაში?


რა რაოდენობის ხე მოიხმარებოდა ცეცხლის დანთების დროს და როგორ ნიავდებოდა გვირაბები?


ამ კითხვების გადასაჭრელად ექსპერიმენტული არქეოლოგიის გამოყენება საუკეთესო საშუალებაა, ამიტომ ბრიტანელ მეცნიერებთან ერთად ძეგლზე ექსპერიმენტების მთელი სერია ჩატარდა.


თავდაპირველად შეირჩა ნედლეული - მდინარის ნაპირთან მოძიებული იქნა ვულკანური წარმოშობის ანდეზიტის რიყის ქვები, მაღაროებში აღმოჩენილი იარაღების მსგავსი სიმკვრივისა და სიმაგრის გათვალისწინებით. ქვის იარაღების ტარები დამზადდა თხილისა და ბუჩქების სხვადასხვა ტიპის ტოტებისგან. ცეცხლის დასანთებად მეცნიერებმა გამოიყენეს მუხის ხის მასალა. ექსპერიმენტის დროს გაირკვა, რომ მუხის მცირე ზომის ტოტების გამოყენება საუკეთესო საშუალება იყო მცირე დროში კლდის გასახურებლად. უკვე გახურებული კლდის მონგრევა - ჩამოსაშლელად გამოყენებული იყო სხვადასხვა სახეობის ქვის იარაღები - ირმის რქისა და ხის წერაქვები, უროები. ექსპერიმენტის დროს იარაღების ცვეთამ აჩვენა მსგავსება, საყდრისში აღმოჩენილ არქეოლოგიურ არტეფაქტებზე არსებულ ტრასებთან.


ყველასთვის გამაოგნებელი მადნის გამდიდრების ექსპერიმენტის შედეგები იყო. პროცესის დროს გამოყენებული იყო ამბოსისა და როდინის ქვები, რომელიც ძალიან მოსახერხებელი აღმოჩნდა მსგავსი საქმიანობისთვის, ასევე, გაირკვა რაოდენ დიდ გამოცდილებას ფლობდა უძველესი სამთოელი ოქროს მაღალი და დაბალი შემცველობის მადნების გარჩევაში - ექსპერიმენტის ბოლო ეტაპზე დაფქვილი მადანი გაირეცხა სარეცხ ტაფაზე, რის შედეგადაც მეცნიერებმა მიიღეს ოქროს კონცენტრატი, რომლის გამოდნობაც საერთოდაც არ წარმოადგენს სირთულეს.


როგორც ისტორიის პირველ ნაწილში ავღნიშნეთ საყდრისში აღმოჩენილი იყო ქვის იარაღების 10 000 ნიმუში. დიდი ზომის უროები სავარაუდოდ გამოიყენებოდა ცეცხლით გახურებული კლდის დასამუშავებლად, იარაღის ცვეთა და ტარის დაგების ტექნიკა ხშირად მათ მეორად გამოყენებაზე მეტყველებს. სამწუხაროდ ორგანული მასალის ცუდი დაცულობის გამო, არ მოიპოვება ინფორმაცია ხის იარაღების, ტყავის კალათებისა და სხვა ორგანული მასალის შესახებ.


ქვის იარაღებთან ერთად საყდრისში აღმოჩენილი იყო ძვლის იარაღების ჯგუფიც. გატეხილი ირმის რქის იარაღი მიანიშნებდა, რომ მას გახურებული მადნის ჩამოშლის პროცესში მოიხმარდნენ. საქონლის დიდი ზომის ძვლისგან დამზადებული სოლის გარდა აღმოჩენილია საქონლის ნეკნისგან დამზადებული საფხეკები. სოლი სავარაუდოდ გამოიყენებოდა მადნის გასახლეჩად, ხოლო საფხეკები მადნის საზღვრების დასადგენად. ამას მოწმობს იარაღების სამუშაო პირებზე არსებული მადნის კვალიც.


მიწისქვეშა სამთო სამუშაოების გარდა საყდრისში ასევე ხდებოდა მადნის გამდიდრებაც. ამ ფაქტს ბევრი სხვადასხვა დანიშნულების მქონე იარაღების აღმოჩენაც ადასტურებს, მადნის დანაყვა ხდებოდა მცირე ზომის უროებისა და სანაყების მეშვეობით. იარაღების უმეტესობას კარგად ემჩნევა კვარციტის წითელი კვალი. საინტერესოა, რომ დიდი ზომის საფქვავები და მცირე ზომის სახეხ - სასრესები მხოლოდ ერთ ადგილას არის აღმოჩენილი, ანუ იქ, სადაც უძველესი მაღაროელები მადანში ოქროს შემცველობას ამოწმებდნენ.


II ნაწილის დასასრული.


გამოყენებულია მასალა წიგნიდან "საყდრისის ოქრო - კაცობრიობის პირველი ოქროს სამთო წარმოება" – (ირინა ღამბაშიძე, თომას შტოლნერი) 2016 წ.


წიგნი გამოცემულია გერმანიის სამთო მუზეუმისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი პროექტის "მარილი, ოქრო და სპილენძი უძველესი წარმოება კავკასიაში" ფარგლებში.


#5წელისაყდრისისაფეთქებიდან.