"გავიმარჯვო და "ოსკარზე" სიტყვას ქართულადაც წარმოვთქვამ და გურული აქცენტითაც"

  • 7 დეკემბერი 21:42, 2019 წელი

2015 წელს ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები" "ოსკარზე" იყო ნომინირებული.

რეჟისორი თბილისში ბრუნდებოდა ეს საოცარი სიახლე პირდაპირ ეთერში რომ მოისმინა და ემოციებისგან გადავსებული ვერ გამოფრინდა. სამშობლოში დაბრუნება მეორე დღისთვის გადადო. 

 


 


გთავაზობთ "პრაიმთაიმის" არქივიდან რეჟისორის ზაზა ურუშაძის ინტერვიუს, რომელიშიც ის ფილმ "მანდარინების" შესახებ საუბრობს.


"ოქროს გლობუსის" ხუთეულში მოხვედრა ძალიან მოულოდნელი და შოკი იყო, "ოსკარის" ნომინაციას კი, სიმართლე გითხრათ, ველოდით. ხშირად ხდება, რომ "ოქროს გლობუსის" ნომინანტი მერე "ოსკარზე" ხვდება. "ოქროს გლობუსის" ოთხი ნომინანტი ფილმიდან სამი "ოსკარის" უცხოურ ფილმთა კატეგორიაშია. "გლობუსზე" პირდაპირ სახელდება ხუთეული. ფილმებს ხმას საერთაშორისო კინოკრიტიკოსთა ასოციაცია აძლევს, მსოფლიოდან 90 კინოკრიტიკოსი. ძალიან ემოციურია – "ოქროს გლობუსი" და "ოსკარი" ერთად. ლოს- ანჯელესიდან ტალინში ჩავფრინდი. ჩვენი ფილმი "ოსკარის" ნომინანტთა სიაში რომ გამოცხადდა 15 წუთში აეროპორტში უნდა წავსულიყავი, მაგრამ ვეღარ წავედი. ახალი ბილეთი ამიღო პროდიუსერმა. მოლოდინის მიუხედავად ძალიან ემოციური იყო. ეს ამბავი თუ ჩემს თავს ხდება, არ ვიცი.


– ზაზა, კონკურენტ ოთხ ფილმზე რას გვეტყვით.


– არგენტინული "Wild Tale"-ის გარდა (აქებენ) "გლობუსის" ნომინანტი სამივე ფილმი ნანახი მაქვს. ყველა ძლიერი ფილმია. მათ შორის რუსულმა "Leviathan"-მა "ოქროს გლობუსი" აიღო. პოლონური "Ida"-ც ნანახი მაქვს. "Timbuktu" აფრიკულია და მათთვისაც პირველი ნომინაციაა და გაგიჟებული უჭერენ მხარს. ადამიანი სუსტია და ყველაფერზე ფიქრობს, მაგრამ ამ ყველაფრის მერე კიდევ იმაზე ვიფიქრო, „ოსკარს“ თუ ავიღებ-მეთქი, ამის ამბიცია ნამდვილად არ მაქვს. ღმერთმა ქნას.


ესტონელებიც პირველად არიან "ოსკარზე" ნომინირებულნი, არა?


– არც "გლობუსზე" და არც "ოსკარზე" არასდროს ყოფილან ნომინანტები. "ოსკარზე" 90-იან წლებში ნომინანტი იყო ნანა ჯორჯაძე ფილმით "ათას ერთი რეცეპტი", ხუთეულში მოხვდა.


– გამარჯვების შემთხვევაში გვინდა, რომ ქართულად წარმოთქვათ მადლობის სიტყვა დოლბის თეატრის დარბაზში, სადაც ის არასდროს გაჟღერებულა.


– როგორ არ ვიტყვი, გავიმარჯვო და ქართულადაც წარმოვთქვამ და გურული აქცენტითაც.


– ფილმის სიუჟეტიდან გამომდინარე – ოკუპაციის თემას გააჟღერებთ?


– ლოს-ანჯელესში ბევრი პრესკონფერენცია და სიმპოზიუმი იყო. კინოზე რომ საუბრობ, მისი პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არ შეიძლება, მაგრამ მე მაინც ვერ ვითმენ და და ყოველთვის ვამბობ, როგორ წაგვართვეს ტერიტორია. ეს პოლიტიკური განცხადება არაფერს აკეთებს. მთავარი განცხადება კულტურაა, ამ შემთხვევაში კინო ყველაზე კარგად აპოზიცირებს ქვეყანას. როდესაც ასეთი წარმატებაა, ხვდებიან, რომ ცარიელ ადგილას არაფერი ხდება. ჩვენ სერიოზული კინოს ისტორია გვაქვს. რომ არა ის ჩაყრილი საფუძველი, რამაც აქამდე მოგვიყვანა, არც ეს დაუჯერებელი წარმატება იქნებოდა.


– თქვენ გარდა დაჯილდოების ცერემონიალზე ვის ვიხილვათ მსოფლიოს ვარსკვლავთა შორის?


– ალბათ, გიორგი ნაკაშიძე და მიშა მესხიც წამოვა. ვნახოთ. ესტონური მხრიდან მთავარი როლის შემსრულებელი ლემბიტ ულფსაკი იქნება.


რეჟისორი ზაზა ურუშაძე დღეს 53 წლის ასაკში სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა.