როგორ დაშალა შოთა გორგოძემ ერთ-ერთი პარტიის მიტინგი გასული საუკუნის 80-იან წლებში

  • თბილისელები
  • 3 დეკემბერი 15:56, 2019 წელი

ჟურნალი "თბილისელები" რუბრიკაში "სახალისო ამბები" გასული საუკუნის 80-იან წლებში, გენერალი შოთა გორგოძის მიერ ერთ-ერთი პარტიის მიტინგის დაშლის ისტორიას ავრცელებს.

გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ეროვნული მოძრაობა რომ გააქტიურდა, მთელი ქვეყანა მიტინგებმა და დემონსტრაციებმა მოიცვა. სოკოსავით აღმოცენებული მრავალი წვრილი თუ მსხვილი პარტია ყოველდღე აწყობდა პიკეტირებას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან და დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად ლანძღავდნენ ამა თუ იმ უწყების ხელმძღვანელებს. ერთ-ერთი ასეთი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაიმართა. იქ მეგაფონებით შეიარაღებული ერთ-ერთი პარტიის აქტივისტთა ჯგუფი მიიჭრა (პარტიას არ ვასახელებთ) და აყვირდნენ:


"გორგოძე "ნასედკა" (აგენტი)! გორგოძე "ნასედკა"! (იმ პერიოდში მინისტრი შოთა გორგოძე იყო). აჟიოტაჟი მატულობდა. მომიტინგეებს ცნობისმოყვარე მოქალაქეები უერთდებოდნენ და ელოდნენ, თუ რა მოხდებოდა. გორგოძეს, რა თქმა უნდა, ესმოდა ეს შეძახილები, მაგრამ ითმენდა. ბოლოს, მასაც აევსო მოთმინების ფიალა. მომიტინგეებთან გამოვიდა, ერთ-ერთ პროტესტანტს მეგაფონი გამოართვა და ხალხს სთხოვა, ცოტა ხნით გაჩუმებულიყვნენ. შეძახილები შეწყდა.


გორგოძემ კი მათ მიმართა:


– მე "ნასედკა" კი არა, მილიციის გენერალი ვარ და თუ სურვილი გაქვთ ახლავე დავასახელებ თუ ვინაა თქვენში "ნასედკაო"...


მომიტინგეებს ხმა აღარ ამოუღიათ და ხუთიოდე წუთის მერე იქაურობა თითქმის დაცარიელდა.

წყარო: თბილისელები