გმირობა ერთეულების ხვედრია, ამაყი ვარ, რომ ის ჩემიანია - რუსეთ-საქართველოს ომის გმირს ოჯახი იხსენებს

  • 8 აგვისტო 11:51

2008 წლის აგვისტოს ომს ძალიან ბევრი გმირი ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი ოჩამჩირელი მარლენ ბარამიაა, რომელიც წლების წინ სამტრედიაში დასახლდა.

დაიჯესტი ესაუბრა მარლენის დეიდას რუსუდან გულუას, რომელმაც ჩვენთან საუბარში კიდევ ერთხელ გაიხსენა დის შვილი და მოგვიყვა მისი გმირობის შესახებ.


- გაიხსენეთ ის დღე, როდესაც გაიგეთ, მარლენის ომში წასვლის შესახებ...


- როდესაც სამშობლოს უჭირს უნდა დაიცვა, 2008 წლის 8 აგვისტოს კი საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდებოდა ქართველი ვაჟკაცების გვერდით დგომა, რადგან რუსეთს საქართველოში არ ებატონა.


ოჯახმა ჩველებრივად აღვიქვით მარლენის ჯარში წასვლა და მას გზა დავულოცეთ. ვიცოდით, რომ მარლენი იქ აუცილებლად წავიდოდა, რადგან მას მებრძოლი სული ჰქონდა. მებრძოლი სული კი, მარლენს 11-12 წლის ასაკიდან მოყვებოდა, ყოველთვის ამბობდა, თუ ბრძოლა იქნება, მე ვიბრძოლებ ბოლომდე, სწორედ ამ შემართებით წავიდა მარლენი ომში. მას არ ევალებოდა ბრძოლა, მძღოლი იყო და წესი დაარღვია, როდესაც დაინახა როგორ უჭირდა ქართველ ჯარისკაცებს ომი, მანქანა დატოვა და ქართველ მებრძოლებს შეუერთდა, სწორედ ამიტომ არის ის რუსეთ-საქართველოს ომის გმირი.


გამორჩეული სიყვარული იცოდა. თითქოს უნდოდა, დაცლილიყო და მოფერებოდა ყველას. ვფიქრობ, გმირობა ძლიერებისა და ერთეულების ხვედრია, ამაყი ვარ, რომ ის ჩემიანია, ჩემი დისშვილია.


- როგორია ცხოვრება მარლენის გარეშე?


- დღევანდელი გადმოსახედიდან მარლენის გარეშე ცხოვრება უდიდესი ტკივილია, საშინელებაა ყოველი დღის გათენაბა, უჭირს მეუღლეს, შვილებს მის გარეშე ცხოვრება. თუმცა ჩვენ ამაყები ვართ, როდესაც ვიცით, რომ მარლენი გმირულად დაიღუპა.


მჯერა, რომ ის ნადვილად იქნება ქრისტესთან და იქედანაც დაეხმარება საქართველოს.


ცნობისთის, მარლენ ბარამია 1984 წლის 12 ნოემბერს დაიბადა ოჩამჩირის რაიონში. მას აფხაზეთის ომმა ბავშვობა დააკარგვინა და დევნილად აქცია. აფხაზეთი მისი მოუშუშებელი ტკივილი იყო.




2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.