საზღვარგარეთ მყოფი ბრალდებული ექიმი განცხადებას ავრცელებს

  • 5 აგვისტო 14:43

ანესთეზიოლოგი მაგდა ხოჭოლავა პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს უსაფუძვლოს უწოდებს. ექიმი იმედოვნებს, რომ სასამართლო საქმეზე ობიექტურად იმსჯელებს და სიმართლდე დადგინდება.

მაგდა ხოჭოლავას მიერ სპეციალურად გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


„მინდა გამოვეხმაურო 4 აგვისტოს საქართველოს პროკურატურის მიერ ჩემ მიმართ წარდგენილ უსაფუძვლო ბრალდებებს, უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებით.


პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვეთანხმები პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს და იმედი მაქვს, მალე სასამართლოს მიერ მიღებული იქნება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება.


ასევე, მინდა გამოვეხმაურო ტელევიზიით არასწორად გავრცელებულ სრულიად უსაფუძვლო და აბსურდულ ბრალდებას, იმის თაობაზე, რომ თითქოს გამოძიებისგან თავის არიდების მიზნით, განზრახ დავტოვე ქვეყანა და „გავიქეცი“ იტალიაში.


უნდა აღინიშნოს, რომ 25 წელზე მეტია აქტიურად ვეწევი ლიცენზირებულ, დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ანესთეზია-რეანიმაციის მიმართულებით, საიდანაც 10 წელი ვმუშაობდი, შესაბამისი ლიცენზიის ფარგლებში, ანესთეზიოლოგად საქართველოში და ბოლო 15 წელიწადია ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ იტალიაში ბერგამოს სააუნივერსიტეტო კლინიკაში, რამაც განაპირობა, განვითარებული მოვლენების დროს, ჩემი ქვეყანაში არ ყოფნა.


შესაბამისად, ვაცხადებ, რომ გაჟღერებული ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მეტიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობდი საგამოძიებო ორგანოებთან და სიმართლის დადგენის მიზნით, მომავალშიც მზად ვარ თანამშრომლობისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.



ცნობისთვის, 4 აგვისტოს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ორი ექიმი დააკავეს, მესამეს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.


პროკურატურის ინფორმაციით, პაციენტს, რომელიც 20 თვეა კომაში იმყოფება, კლინიკაში უთხრეს, რომ ოპერაციას სპეციალურად მოწვეული იტალიელ ექიმები ჩაატარებდნენ, სინამდვილეში კი პროცედურა არასერტიფიცირებულმა ქართველმა ექიმებმა ჩაუტარეს.


კლინიკის დირექტორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაუყენეს და ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება, მის თანამშრომლებს კი – ექვსიდან ცხრა წლამდე.