შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული გლდანის ციხეში გადაიყვანეს

  • formulanews.ge
  • 15 ივლისი 18:18

„გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ. მატროსოვის ციხიდან გლდანის #8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს“- ამის შესახებ მისი ადვოკატი საუბრობს.

გიორგი გელხაურის თქმით, არც ოჯახსა და დაცვის მხარეს, არც გამოძიებას, ზ.ხ.-ს გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ.


„მოვედით, რომ ჩატარებულიყო ექსპერტიზა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზ.ხ. გადაიყვანეს მერვე დაწესებულებაში - მოგვიწევს გლდანის მერვე დაწესებულებაში ხვალ შესვლა. ამის შესახებ არც დაცვის მხარემ და არც გამოძიებამ არ იცოდ“, - ამბობს გიორგი გელხაური.


გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული ზ.ხ. მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს - ამის შესახებ მოკვლევა დაწყებული აქვს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს.


19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი 10 ივლისს გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.


ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

სრული ვერსიის ნახვა formulanews.ge