თამუნა ლეკვეიშვილი: ათი დღის წინ დავიწყე „სასიკვდილო“ დიეტის დაცვა - ძლივს მოვსულიერდი

  • თბილისელები
  • 14 ივლისი 23:23

„ახალი შაბათის შოუს“ მსახიობი, თამუნა ლეკვეიშვილი საოცარ ფორმაშია, თუმცა როგორც თავად ამბობს, ამისთვის ბევრს შრომობს, სხვადასხვა სახის დიეტებს ხშირად მიმართავს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვარჯიშობდა კიდეც.

ამბობს, რომ ამ ეტაპზე ორი ზომით პატარ სამოსი აქვს შეძენილი და მისი ჩაცმის სურვილით „მომაკვდინებელ“ დიეტას იცავს. გთავაზობთ მსახიობის ინტერვიუს, რომელიც ჟურნალში „თბილისელები“ გამოქვეყნდა:


– საკმაოდ ქალური აღნაგობა და სექსუალური გარეგნობა გაქვს. შენი ამ ფორმებისა და დიდი ზომის მკერდის გამო თუ გქონდა კომპლექსები?


– თავიდან, სანამ გავიაზრებდი და მივიღებდი ჩემს სხეულს ისეთს, როგორიც არის, კომპლექსები მქონდა. დიდი ზომის ტანსაცმელი მეცვა და ბეჭებში მოხრილი დავდიოდი, რომ მკერდი წინა პლანზე არ ყოფილიყო (იცინის). აი, სკოლას რომ ვამთავრებდი, პრანჭვა და კომლექსების მოხსნა ერთდროულად მოხდა.


ტელეეკრანზე პირველად რომ გამოჩნდი, თხელი და სიფრიფანა გოგო იყავი, სექსუალური და ქალური გარეგნობით. თუმცა, მერე მოიმატე წონაში და ახლა, ნელ-ნელა ისევ ფორმაში დგები. რა იყო მომატების მიზეზი და ახლა რას აკეთებ, რომ სასურველ ფორმას დაუბრუნდე?


– წონაში ორსულობის გამო მოვიმატე. სამი ბავშვი მიყოლებით გავაჩინე. ისე ვრჩებოდი ორსულად, წინა ბავშვის დროს მომატებული წონა არ მქონდა დაკლებული. წონაზე წონა ემატებოდა და საკმაოდ მოვიმატე. მოკლედ, რაც კი არსებობს, ყველა დიეტა დაცული მაქვს, „სასიკვდილო“ დიეტების ჩათვლით (იცინის). ბოლოს მივხვდი, ცილების დიეტა ცოტა ბოსტნეულით, ყველაზე კარგად მახდუნებს, ანუ სწორი და ჯანსაღი კვება. ერთი პერიოდი ვვარჯიშობდი და კარგი შედეგიც მქონდა, ფორმები შემეცვალა, თუმცა დროის უქონლობის გამო შევწყვიტე და ვეღარ გავაგრძელე.


– თქვი, „სასიკვდილო“ დიეტებიც კი დამიცვიაო. გული თუ წაგსვლია და რატომ იკლავდი თავს?


– დიეტის დროს ტვინი მეფანტება. ათი დღის წინ დავიწყე მორიგი „სასიკვდილო“ დიეტის დაცვა, ძალიან ცოტას ვჭამდი, მეხუთე დღეს აბაზანიდან გამოვდიოდი და მივხვდი, გული მიმდიოდა. ჩავიმუხლე და წაქცევას გადავურჩი. რამდენიმე წამი გათიშული ვიყავი და ძლივს მოვსულიერდი. წამოვწექი, ფეხები მაღლა ავწიე და საკუთარი გულწასული თავი თავადვე მოვაბრუნე ამქვეყნად (იცინის). ჰოდა, რომ მივხვდი მოვსულიერდი, შევედი სამზარეულოში და კარგად ვჭამე (იცინის). დიეტაზე რომ ვიყავი, ბევრჯერ, მაგარ სუფრასთან მოვმხვდარვარ, მაგრამ თავი შემიკავებია, მომითოკია და დიეტა არ დამირღვევია. ნებისყოფა მყოფნის და ამ ბოლო დროსაც რომ დავიკელი, ესეც ჩემი ნებისყოფის დამსახურებაა.


– ტანსაცმლით თუ დაგიმალავს ზედმეტი კილოგრამები ან გიყიდია პატარა ზომის სამოსი, იმ იმედით, რომ მისი ჩაცმის ხათრით დაგეკლო?


– ბევრჯერ მიყიდია ერთი ან ორი ზომით პატარა ტანსაცმელი, იმის ხათრით დავმჯდარვარ დიეტაზე, დამიკლია და ჩამიცვამს. ახლაც, ერთი კაბა მაქვს ნაყიდი, ვერ ვეტევი, ჩამოკიდებული მაქვს, ვუყურებ და თავს ვიკლავ დიეტით (იცინის).

წყარო: თბილისელები