ზურა შევარდნაძე: დღეს 40 წელი შევასრულე - ამ დღეს სულ ეს ამბავი მახსენდება

  • 14 ივლისი 21:57

მებაღე ზურა შევარდნაძე საკუთარ დაბადების დღესთან დაკავშირებიღ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც ბავშვობას, ბებიას და ბახმაროში მოგზაურობას ეხება.

სტატუსის შინაარსის მიხედვით, 6-7 წლის ასაკში სწორედ საკუთარ დაბადების დღეზე, ბებიამ სილამაზის აღქმის მნიშვნელობა შთააგონა. როგორც შევარდნაძე წერს, იმ დღეს ნანახი მზის ჩასვლა და ბეებიის საქციელი დაუვიწყარი აღმოჩნდა.


„დღეს ჩემი დაბადების დღეა..


ორმოცი წელი შევასრულე. ამ დღეს სულ მახსენდება ჩემი ამდღინდელი პატარა ამბავი.


ექვსი ან შვიდი წლის ვიქნებოდი, გამოდარა, ბარგი შეკრული გვქონდა, ბებიამ არჩეული წიწილები ყუთებში ჩასვა, თავი დაუჭედა, მოვეწყვეთ ჩვენი მეზობლის ჯუმბერ ნინიძის საბარგო მანქანის ძარაზე და ბახმაროზე წავედით. ბებია ყოველთვის მიგვყვებოდა, აგვაბარგებდა, მოგვეშველებოდა და უკან ბრუნდებოდა ბარში. ძალიან ვხარობდით, სახეს ვუშვერდით ქარს და ვგორაობდით ბარდნებად შეკრულ ქვეშაგებზე... მაშინ ეს გზა ძალიან გრძელი მეჩვენებოდა და ბახმაროზე აბარგება დიდი თავგადასავალი მეგონა.


ცხრაწყაროზე მოხარშული სიმინდი გვაჭამეს, ქათმებსაც ჩაუყარეთ ცოტა ყუთში...
რომ ავივაკეთ ბებიამ ჯოხი დაუკაკუნა ჯუმბერის „კაფინკაზე“...


„ბაღნებს დევიტიებ და დავრჩები, გვიან ამუალთ, ბარგი პარმაღში დაყარეთ, მერე მივხედავო...“ საღამოს პირი იყო...


გაგვიკვირდა, მანქანა აბღუვლდა და წავიდა... გვერდზე გადავუხვიეთ წიფლნარში და შევუდექით ტალახიან გზას, ბებია, მე და ჩემი ბიძაშვილები.


რომ გამოვერკვიეთ ავწუწუნდით, „რეიზა დავრჩით ბებია?, აქანე რაგვინდა ბებია?, ჩვენ ფეხით როის ავალთ ბებია?“ ხმას არ გვცემდა და დინჯად მიაბიჯებდა წიფლნარში, ძველი დროიდან ნაცნობ ბილიკზე... ბევრი არ გვივლია, დიდ ფერდზე გავედით, ზღვასავით ჩანდა ჩვენს ქვემოთ ღრუბლები და უშველებელი კარალიოკისფერი მზე. აქამდე მსგავსი არაფერი გვენახა და მოვინუსხეთ, მზე ჩადიოდა.


ხალათი გაგვიფინა და დავჯექით, მზის ჩასვლას ვუყურეთ განაბულებმა.


ბოლოს გვითხრა, „ნენა სილამაზის დანახვა კაია თუ გეცოდინება, სხვაფერ არ ვარგა, თვარ დეინახავ, არ შეამჩნევ და ჩუუარ მიორე გზობა აღარ დაგენახვება, დაგემალება...“ მეტი იმ დღეს აღარაფერი უთქვამს, უცებ ჩამობნელდა... უკუნეთი იყო დაღლილი გაკვირვებული და დაფიქრებული მივედით ჩვენს სახლთან. დედაჩემს და მეზობლებს ბარგი გაეხსნათ და ლოგინებიც გაეშალათ, სახლის წინ კოცონი ენთო... მას მერე ბევრი მზის ჩასვლა ვნახე, მაგრამ იმფერი არცერთი აღარ ყოფილა.


რამდენი წლისაც არ უნდა გავხდე, ბებიას საქციელი და ის დაბადების დღე არცაროის არ დამავიწყდება“, - წერს ზურა შევარდნაძე.