გია სურამელაშვილი საყვარელ ადამიანს შეურიგდა - პათოლოგიურად ვუყვარვარ

  • თბილისელები
  • 14 ივლისი 21:37

მომღერალი გია სურამელაშვილი საყვარელ ადამიანს შეურიგდა. ის კარანტინით გამოწვეულ დეპრესიას და იმ პერიოდში გადატანილი კრიზისის შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.

სურამელაშვილმა საკუთარ მავნე ჩვევაზე, ალკოჰოლის სიყვარულზე და თრობის დროს გამოვლენილ აგრესიასზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თვისებებმა საყვარელ ადამიანს გარკვეული პერიოდით დააშორა.


მომღერლისთვის განშორების პერიოდი რთული იყო, თუმცა ახლა ყველაფერი დალაგდა და წყვილი ერთად ცხოვრებას აგრძელებს.


გია სურამელაშვილი: არ უარვყოფ, რომ დეპრესია მქონდა. ისეთი დატვირთული გრაფიკი მქონდა, ამას დამატებული გასტროლები და ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ თავს კარგად ვერ ვგრძნობდი. კორონას ამბები რომ დაიწყო, მე ისრაელში ვიყავი ჩემს დაცვასთან ერთად. მაშინ უკვე ჭორები დადიოდა ვირუსზე, მაგრამ ყოველგვარი შეფერხების გარეშე გავფრინდი. ეს იყო თებერვლის ბოლოს და აქ რომ დავბრუნდით, უკვე გაქანებული კორონა თუ რაღაც ჯანდაბა იყო. მაგრამ არ ვარ მშიშარა, არაფრის მეშინია (იცინის). ერთადერთი, სიკვდილის, მაგრამ ესეც გარდაუვალია და როცა შენი დრო მოვა, მაშინ მოკვდები. იმ სიტუაციაში ცოტა ვინერვიულე, უცბად, დიდი საფუძველი გამომეცალა. როცა ადამიანი დღეში სამ და ოთხ რესტორანში მღერი, იმ დონის მოთხოვნადი ხარ, რომ შენთან შეხვედრას უამრავი ადამიანი ელოდება, თან ის პერიოდია, როცა პირად ცხოვრებაშიც ძალიან ბედნიერი ხარ, მერე კი ეს ლამაზად აშენებული კოშკი უცებ ინგრევა, ცოტა დეპრესიაში ვარდები. თუმცა, დეპრესია შეიძლება, უბრალოდ, გადაღლილობის გამოც დაგემართოს. დღეში ორი ათასი ადამიანი რომ გახტება, ყველას უნდა აკოცო და აკოცნინო, იღლები ადამიანი. ყველას უღრმესი მადლობა ასეთი სიყვარულისთვის, ეს დიდი სიხარულია, მაგრამ თან დამღლელიცაა. ფინანსურადაც ძალიან კარგად ვიყავი და ეს ყველაფერი უცებ დიანგრა. ვერ დავიწუწუნებ, მშიერი ვკვდებოდი-მეთქი, უმაგრესი მეგობრები მყავს და მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ყურადღებას მაქცევდნენ. მაგრამ პირადულში „გავჭედე“, იმიტომ, რომ მან „გაჭედა“. ჩემზე მშიშარა აღმოჩნდა და ამიტომ „გავჭედე“. თუმცა ყველაფერი გადასარევად გადავიტანე. სახლში დღესაც მყავდნენ დამხმარეები, მომიწესრიგეს პედიკური, მანიკური, თმა და ყველაფერი. ამის დეფიციტი არასდროს მქონია, მე ყველა სახლში მაკითხავს, მაგრამ გარესამყარო რომ ასეთ დაუცველ და საშინელ მდგომარეობაში იყო, ეს მაღიზიანებდა, მეტი არაფერი.


– საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დამთავრება არ გაგიჭირდა?


– არ დამიმთავრებია ურთიერთობა. ასე მე გადავწყვიტე იმ მომენტში. დალევის შემდეგ „ვჭედავ“ და ამის გამო გვაქვს პრობლემები. პათოლოგიურად ვუყვარვარ, მაგრამ ჩემს დალევას ვერ იტანს.


– თავიდანვე ხომ იცოდა, რომ ასეთი იყავი?


– კი, მაგრამ ნასვამი აგრესიული ვხდები, მერე ნერვებს ვუშლი და არ უნდა. რატომ? რის გამო? ჩვენი ასეთი დიდი სიყვარული რატომ უნდა დაინგრეს, სამი ჭიქის მერე ათს რომ დაამატებ, ამის გამო?


– საბოლოო ჯამში, შერიგდით?


– ეს აქამდე არ მითქვამს, მაგრამ კი, შევრიგდით. არც გვიჩხუბია, ჩემმა მძიმე ხასიათებმა დაგვაშორა. მე მას არაფერს ვაბრალებ, მხოლოდ – საკუთარ თავს, მძიმე ხასიათს და ხშირ დალევას. 


 

წყარო: თბილისელები