შაქარაშვილის მეგობარი: გიორგის შეყვარებული არ ჰყოლია

  • 14 ივლისი 21:10

19 წლის გიორგი შაქარაშვილს მეგობრები ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რეაქცია“ იხსენებენ. მეგობრებმა ის მოწესრიგებულ, თბილ, ყურადღებიან და იუმორით სავსე ადამიანად დაახასიათეს.

ერთ-ერთი მეგობრის თქმით, გიორგი შეყვარებული არ ყოფილა - „შეყვარებული არ ჰყოლია, კარიერაზე იყო ორიენტირებული და მეგობრებს და ფეხბურთს აყენებდა ყველაზე წინ“, - იხსენებს შაქარაშვილის მეგობარი.


კიდევ ერთმა მეგობარამა ფეხბურთის თამაშის წინ გიორგისთან ერთ-ერთი საუბარი გაიხსენა - „ერთხელ თამაშის წინ მითხრა. შენ შენ გუნდელებს უთხარი და მე ჩემ გუნდელებს ვეტყვი, რომ ფრთხილად ვითამაშოთ და ერთმანეთს არაფერი დავუშავოთო. ძალიან ნერვიულობდა თუ თამაშის დროს ვინმეს ფეხს მოარტყამდა და ატკენდა ხოლმე“, - ამბობს გიორგი შაქარაშვილის მეგობარი.


კიდევ ერთმა მეგობარმა ის რელიგიურ ადამიანად დაახასიათა - „ძალიან რელიგიური ადამიანი იყო. სახლიდან პირჯვრის გადაწერის გარეშე არ გადიოდა. ხატს აკოცებდა და ისე მიდოდა ხოლმე ყოველთვის“.


ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 4 დღიანი ძებნის შემდეგ არაგვში დაღუპული იპოვეს. მისი გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ოთხი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.


საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.