მაკა ჩიჩუა: პირველი ლედი რომ ვიყავი, მაღაზიაში რიგში ვიდექი

  • თბილისელები
  • 14 ივლისი 20:55

ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დუშეთში ქმართან და ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ პირველი ლედობის შემდეგ მის ცხოვრებაში რადიკაური ცვლილებები არ მომხდარა.

ჩიჩუა ჟურნალთან „თბილისელები“ პირველი ლედობის დროს მათი ოჯახის შესახებ წამოსულ კრიტიკას იხსენებს და გიორგი მარგველაშვილთან ახლანდელ ურთიერთობაზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან: 


– ცხოვრება, პირველ ლედობამდე და ამ სტატუსის შემდეგ – რას ცვლის ეს მდგომარეობა?


– პირველი ლედი ვიყავი, დავდიოდი მაღაზიაში და ვიდექი რიგში... ზუსტად ასევე ვარ ახლაც. თუმცა იმ პერიოდში, მაინც პირველი პირის მეუღლე ვიყავი და რაღაც მომენტში შეიძლება, მეტად თავშეკავებული ვყოფილიყავი, აღშფოთება ნაკლებად გამომეხატა. თუმცა,  როცა ყველაზე რთული ამბები ხდებოდა, მაშინაც, პირველ ხაზზე ვიდექი. მაგრამ რაღაც ჩარჩოები მაინც არის და ცდილობ, არ გასცდე, რომ ამ ინსტიტუტის პატივისცემა შეინარჩუნო. ბევრი არაფერი შეცვლილა. აქ ვცხოვრობდი მაშინაც, ზუსტად ისევე ვიკვებებოდი და ასევე ვიცვამდი, თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო ვიზიტებს, რადგან იქ პროტოკოლს ვიცავდი.


– ეს სტატუსი რომ მიიღეთ, ცოტა არ შეგეშინდათ?


– არ შემშინებია. ერთადერთი, არ მინდოდა, იმედი გამცრუებოდა, მაგრამ გამიცრუვდა. სულ სხვა პროგრამები და ხედვები გვქონდა, მაგრამ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ჩვენი ქვეყანა სწრაფად განვითარდებოდა, რაც ვერ დავინახე. ისევ წრეზე ვტრიალებთ.


– ბევრჯერ იყო კრიტიკა, ნეგატივი – თქვენი ქორწინების თემაც განხილვის საგნად იქცა. იმ პერიოდს როგორ იხსენებთ?


– ძალიან სწრაფად გავაცნობიერე, რომ როცა საზოგადოებაში ამდენად საპასუხისმგებლო პოზიციას იკავებ, იქ ყოველთვის იქნება ამ ტიპის თავდასხმები და ამას მოწმობს მსოფლიო გამოცდილება. არ მიფიქრია: ვაიმე, ეს რა დღეში ჩავვარდი-მეთქი, ყველაფერს გაგებით მოვეკიდე. გერმანიაში ვიყავი უმაღლესი ვიზიტით, პრეზიდენტი და მისი მეუღლე დაგვხვდნენ. როგორც წესია, პროტოკოლით პრეზიდენტები ცალკე საუბრობენ, მათი მეუღლეები ცალკე და აღმოჩნდა, რომ ეს ქალი ოფიციალურ ქორწინებაში არ არის, მაგრამ მათი პირველი ლედია და სხვათა შორის, ძალიან უყვართ, რადგან ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა საკუთარი ქვეყნისთვის. არაერთი მაგალითი გვსმენია სხვა ქვეყნებიდანაც. მაგრამ ჩვენთან, კარტოფილის არ იყოს, ისიც, რომ ოფიციალურ ქორწინებაში არ ვიყავით, საღლიცინო თემად გამოიყენეს. თითქოს ძალიან ღელავდნენ ტრადიციებზე, რეალურად კი ეს იყო სულელური თავდასხმის მცდელობები და ამიტომაც გაუსკდათ ყველაფერი საპნის ბუშტივით. ამის შემდეგ ხალხისგან უფრო მეტი დადებითი განწყობა წამოვიდა, რისთვისაც დიდი მადლობა მათ.


– ბოლოს, რაც შეეხება თქვენი და ბატონი გიორგის ურთიერთობას, რა კონდიციამდე მიიყვანა ის ყველანაირმა გამოცდილებამ?


– რა თქმა უნდა, გაუგებრობაცაა, უთანხმოებაც, მაგრამ ძირითადი ღირებულებები საერთო გვაქვს. გიორგი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ადამიანია, მოსაწყენი არაა. თავისი სირთულეებიც აქვს, იმიტომ რომ ძალიან პრინციპული და ჯიუტია. მაგრამ ბევრ რამეში ერთნაირი აზრი გვაქვს. მუდმივად არის ხოლმე უთანხმოების ტიპის რაღაც, მაგრამ როგორც ჩანს, ისეთი სერიოზული – არა, რადგან ამდენხანს შემოვრჩით ერთმანეთს (იცინის). ათ წელზე მეტია, ერთად ვართ. კონფლიქტიც აცოცხლებს ურთიერთობას და ბავშვები ხომ – საერთოდ, ორმა პატარამ ძალიან შეკრა და მრავალფეროვანი გახადა ჩვენი ოჯახი.

წყარო: თბილისელები