გელა გარიევი, რომელიც სამკურნალოდ ოკუპირებული ტერიტორიიდან არ გამოუშეს, გარდაიცვალა

  • radiotavisupleba.ge
  • 14 ივლისი 19:16

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები გელა გარიევი, რომელიც ორი დღის წინ შეუძლოდ გახდა, ცხინვალის კლინიკაში გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ არ გამოუშვეს - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ახალგორელი გელა გარიევი ცუდად რომ გახდა, აქაურმა ექიმებმა ვერაფერი გაუგეს, არადა მისი წნევა სულ უფრო ეცემოდა, სამკურნალოდ თბილისისკენ არ გამოუშვეს და ცხინვალში გადაიყვანეს, იქაც ზედ არ შეხედეს და მეზობლებს და მეგობრებს, ვინც გაყვნენ 8000 რუბლი (400 ლარი) მოსთხოვეს, არც ექსპერტიზა ჩაატარეს, რომ სიკვდილის მიზეზი დაედგინათ. წუხელ გადმოასვენეს დაბაში და დღეს უკვე დამარხეს, ისე რომ არც ძმებს და არც სხვა ნათესავებს გამომშვიდობების საშუალებაც არ მიეცათ, ისინი დაბაში არ შემოუშვეს“, - ეუბნება გამოცემას ახალგორელი წყარო. 


გასული წლის სექტემბრის შემდეგ ახალგორის რაიონი ჩაკეტილია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ  და ადგილობრივებს მაღალკვალიფიციურ ჯანდაცვის სერვისზე ხელი არ მიუწვდებათ. 


ჩაკეტილ ახალგორში სექტემბრიდან დღემდე 15 ადამიანი დაიღუპა იმის გამო, რომ სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაეწიათ.

სრული ვერსიის ნახვა radiotavisupleba.ge