„კაწრო“ გვარამიას უჩივის

  • formulanews.ge
  • 14 ივლისი 10:41

ავთანდილ ბილანიშვილმა იგივე „კაწრომ“ „მთავარი არხისა“ და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში სარჩელი შეიტანა.

როგორც ბილანიშვილის უფლებადამცველი თამარ აბესაძე აცხადებს, ტელეარხმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის რეპუტაცია შელახა.


ქარტიაში იმსჯელებენ დაირღვა თუ არა კოდექსის პირველი, მესამე და მეთერთმეტე მუხლები.


ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში ბილანიშვილმა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოშიც შეიტანოს.


„დაუზუსტებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავიდა ტელევიზიის მეშვეობით. ძალიან დიდი მორალური ზიანი მიაყენა ბილანიშვილს და მის ოჯახს. ქარტია იმსჯელებს და მივიღებთ დასკვნას", - აღნიშნა ადვოკატმა. 


ცნობისთვის,  ავთანდილ ბილანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იყო დაბარებული, რადგან კამერაში არსებული ჩანაწერებით ის იყო სავარაუდო ბრალოდებული, თუმცა მისი ბრალეულობა შაქარაშვილის საქმეზე, ამ ეტაპზე არ მტკიცდება.


19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი 10 ივლისს გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.


ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

სრული ვერსიის ნახვა formulanews.ge