მსახიობი: ჩვენი 22 წლის ბაჩუ ბანკეტზე, ქუჩურმა მენტალიტეტმა იმსხვერპლა - შაქარაშვილის მსგავსი ამბავი ჩვენც გადაგვხდა

  • 13 ივლისი 17:42

მსახიობი გეგა სალუქვაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მეგობართან ერთად გადარებულ ფოტოს აქვეყნებს  და წერს, რომ როდესაც მათი მეგობარი მოკლეს, გიორგი შაქარაშვილის მსგავსი ტრაგედია მთელმა სამეგობრომ გამოიარა.

სალუქვაძის თქმით, ამ შემთხვევისგან განსხვავებით, იმ დროს ბევრი ადამიანი ღირსეულად მოიქცა.


გთავაზობთ სტატუსს:


„შაქარაშვილის ტრაგედიას შეგნებულად ვარიდებ ყურადღებას, არა იმიტომ, რომ არ მაინტერესებს, მსგავსი ისტორია ჩვენც გადაგხვდა თავს, აჩიკო რუხაძე (ბაჩუ), ჩვენი სული და გული, მთელი საამხანაგოს ღერძი, ყოვლად უწყინარი და კაცთმოყვარე 22 წლის კალათბურთელი, საბედისწერო ბანკეტზე, ქუჩურმა და კრიმინალურმა მენტალიტეტმა იმსხვერპლა. ამიტომ, იმდენ ასოციაციას იწვევს და ისე მანგრევს დღევანდელი ტრაგედია, რომ მირჩევნია, საერთოდ ავარიდო გონება.


თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო და გავიხსენო, რამდენად ღირსეულად მოიქცა მაშინ ყველა, პოლიციის ჩათვლით. ჩვენ არც სათვალთვალო კამერები გვქონდა და არც ამდენი საშუალება არსებობდა 2005 წელს.


უშუალო მოწმე არ არსებობდა, მაგრამ ჩემმა გადაღებულმა ვიდეომასალამ და რამდენიმე გოგოს (თქვენი ნებართვის გარეშე არ გთაგავთ) ღირსეულმა და უშიშარმა ჩვენებამ, ხანგრძლივი ძიების შემდეგ, მკვლელის გამოაშკარავება და დასჯა შესაძლებელი გახადა.


რათქმაუნდა მაშინაც გამოერია ბევრი ფლიდი ახალგაზრდა, მშობლებითურთ, რომლებსაც თითქოსდა არაფერი ახსოვდათ.


მინდა მოვუწოდო ახალგაზრდებს და მათ მშობლებს, გავა დრო და ძალიან შერცხვება ყველას, შეიძლება ცხოვრებისეულ ჯოჯოხეთადაც კი გექცეთ დაფარული სინამდვილე. ამიტომ, დაივწყეთ ყველაფერი და ილაპარაკეთ სიმართლე, ამაზე დიდ საქმეს შაქარაშვილის სულის პატივსაცემად ვერაფერს იზამთ ცხოვრებაში.


მე კი, სანამ პირში სული მიდგას, მთელი ჩემი არსებით ვიბრძოლებ მახინჯი მენტალიტეტის წინააღმდეგ“.



ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი 21 ივნისს წყალ­ში იპო­ვეს.


შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.


10 ივლისს პროკურატურამ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომლის თანახმად გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.


ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.


საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.