საქართველოს ბანკი ქალთა გაძლიერების ხელშეწყობას აგრძელებს

  • 12 ივლისი 13:41

საქართველოს ბანკმა ხუთ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტთან ერთად (DEG, Finfund, FMO, SIFEM და Swedfund) 2X Challenge ინიციატივის მხარდაჭერაზე განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელბს.

მათივე ცნობით, ინიციატივა ქალი მეწარმეებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდას, მათი ბიზნესის მხარდაჭერას და განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.


2X Challenge ინიციატივი მხარდაჭერით, საქართველოს ბანკი ქალებისთვის ხარისხიან დასაქმებასა და ეკონომიკურ პროცესებში აქტიურად ჩართულობას უზრუნველყოფს. ბანკში დასაქმებულთა 40%-ზე მეტი ქალია. საქართველოს ბანკს აქვს ისეთი პრივილეგიები ქალებისთვის, როგორიცაა დეკრეტულ შევებულებასთან დაკავშირებული კომპენსაცია, პრემია ქორწინებისას და დამატებითი ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღეები.


„ჩვენ, საქართველოს ბანკში ვცდილობთ ხელი შევუწყოთ გენდერულ თანასწორობასა და მრავალფეროვნებას, წავახალისოთ კულტურა, რომელიც აქტიურად აფასებს განსხვავებებს და აღიარებს, რომ სხვადასხვა გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ადამიანებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ სამუშაო პროცესსა და გარემოში. მოხარული ვარ, რომ 2X Challenge-მა აღიარა ბანკის წარმატებული პრაქტიკა ქალთა როლის გაძლიერების, ბანკის პოლიტიკისა და მის მიერ განხორციელებული პროგრამების მიმართ, რომელიც ქალთა დასაქმების, განვითარების და წინსვლის ბარიერების აღმოსაფხვრისაკენ არის მიმართული“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.


2X Challenge-ის შექმნა 2018 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენდერული უთანასწორობის გლობალურ ანგარიშს მოჰყვა. აღნიშნული იყო რომ გენდერული დისბალანსის წინააღმდეგ არსებული ტემპებით ბრძოლის შემთხვევაში, საჭიროა 202 წელი, რათა ეკონომიკურ პროცესებსა და თანაბარ გენდერულ შესაძლებლობებში განსხვავება დაიძლიოს.


ინიციატივამ G7-ის ქვეყნებსა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს მოუწოდა ძალების გაერთიანებისკენ, რათა 3 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება მომხდარიყო, რაც განვითარებად ქვეყნებში ქალებისთვის ლიდერობის შესაძლებლობებისკენ წვდომას, ხარისხიან დასაქმებას, დაფინანსების მოპოვებას, ქალი მეწარმეების ეკონომიკურ პროცესებში ჩართულობასა და მხარდაჭერას უზრუნველყოფს.