„შაქარას“ მეგობრები იხსენებენ - არ მინდა მდიდარი ვიყოო, იმიტომ, რომ სხვას არ აქვსო

  • primetime.ge
  • 11 ივლისი 18:03

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილს მეგობრები „პრაიმტაიმთან“ იხსენებენ. ისინი ამბობენ, რომ გიორგიზე წარსულში საუბარი უჭირთ და მისი გარდაცვალება ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს.

„ლურჯი თვალები ჰქონდა, ანათებდა“


„თმები ჰქონდა ხოლმე სულ გასწორებული, მაგრამ სავარცხელი მაინც უნდა ჰქონოდა ჯიბეში და თმის ჟელეც“


 „გვითხრა ერთხელ წარმატებას, რომ მივაღწევ და ფულს ვიშოვიო მდიდარი არ მინდა ვიყოო, იმიტომ, რომ სხვას არ აქვსო“, – იხსენებენ მეგობრები გიორგი შაქარაშვილს.


19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი 10 ივლისს გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.


ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge