გიგი თევზაძე: ვერ ვხედავ ვერაფრს ტრაგიკულს აია-სოფიას მეჩეთის აღდგენაში

  • 11 ივლისი 16:22

ქართველი სოციოლოგი და ფილოსოფოსი გიგი თევზაძე აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებაში პრობლემას ვერ ხედავს. 

უფრო მეტიც, მისი აზრით, ნეიტრალური მუზეუმიდან კვლავ მეჩეთად გადაკეთება, ევროპული და ევროატლანტიკური ცივილიზაციისათვის მნიშნველოვანი სიმბოლოს აღდგენად უნდა აღიქმებოდეს.


„აია-სოფია, ანდა, ჰაგია სოფია, 5 საუკუნე იყო მეჩეთი. თურქობის იდენტობა ამ მეჩეთთან ერთად შეიქმნა (ვიცი, რომ მანამდე, 11 საუკუნე ქრისტიანული ტაძარი იყო).


სანამ ათათურქი აია-სოფიას მუზეუმად გადააკეთებდა, ევროპელებისთვის და მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის აია-სოფია - მეჩეთი - გამანადგურებელი თავდაჯერებულობის და შიდა განხეთქილებების დამღუპველობის საბუთი და სიმბოლო იყო: საბუთი იმისა, რომ არც წარსული დიდება, არც 11 საუკუნოვანი ისტორია, არც ეკონომიკა და არც დახვეწილი ბლა-ბლა-ბლა გშველის, როდესაც მტრის წინაშე მარტო აღმოჩნდები.


ამიტომ, მე ვერ ვხედავ ვერაფრს ტრაგიკულს მეჩეთის აღდგენაში. არ ვიცი, იქნებ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თურქი ერისთვის.


ვფიქრობ, ნეიტრალური მუზეუმიდან კვლავ მეჩეთად გადაკეთება ჩვენთვის, ევროპული და ევროატლანტიკური ცივილიზაციისათვის მნიშნველოვანი სიმბოლოს აღდდგენად უნდა აღვიქვათ. სიმბოლო, რომელიც ნეგატიურად მიუთითებს ერთიანობის, გონივრულობის, სოლიდარობის და იდეებისადმი ერთგულების აუცილებლობაზე.


მგონია, რომ ესაა, რაც დღეს ყველას გვჭირდება“, - წერს გიგი თევზაძე.



აია-სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში 324-337 წლებში ააგეს. ტაძარი ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ (1453 წელი) მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის ინიციატივით, აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა და UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.


თურქეთის უმაღლესმა სასამართლომ 10 ივლისს აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღო.