არჩილ გამზარდია: ვაჟკაცი ადვილად არ იწყებს ჩხუბს, არ იყენებს რკინის კეტს, არ ურტყამს წაქცეულს და არ ესხმის გუნდურად ერთს

  • 11 ივლისი 15:55

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებს ვაჟკაცობისა და სულიერების გაგება არასწორად აქვთ აღქმული. 

გამზარდიას აზრით, ახალგაზრდის სული თუ ვაჟკაცობის მარტივი ცნებებით იქნება აწყობილი, სისხლის დუღილს ყოველთვის გონებით გადაეფარება, კონფლიქტს უკიდურეს შემთხვევაში დაიწყებს, სუსტს არ დაჩაგრავს, წაქცეულს არ დაარტყამს, ადამიანს შეცდომას აპატიებს და თუ თავად შეცდება, ამას პირველ რიგში თვითონვე აღიარებს და დანაშაულზეც აგებს პასუხს.


„სამწუხაროდ, საკმარისად აღარ ვასწავლით ბიჭებს ვაჟკაცობას და სულიერებას - ვაჟკაცობა ძლიერი ადამიანის თვისებაა. ვაჟკაცი არ ურტყამს თავისზე შესამჩნევად სუსტს, ვაჟკაცი არ ესხმის გუნდურად ერთს, ვაჟკაცი წაქცეულს არ ურტყამს, ვაჟკაცი არ იმეტებს ადამიანს, ვაჟკაცი პატიობს, ვაჟკაცი ხშირად უთმობს, ვაჟკაცი მტერსაც კი ღირსეულად ებრძვის, ვაჟკაცი არ იყენებს რკინის კეტს, არ ქოლავს, ვაჟკაცი ადვილად არ იწყებს ჩხუბს, ვაჟკაცი თითქმის ან საერთოდ არ იგინება, ვაჟკაცი კაცი ძლიერია, საკუთარ თავში დარწმუნებული და ამიტომაც ყველაზე მეტად მშვიდობას ეძებს, ვაჟკაცი კაცი სამართლიანი ადამიანია, თანადგომას ღირსეულად, სიმშვიდით ცდილობს და არა ისტერიულად, ვაჟკაცმა სიყვარულის და ძმობის ფასი იცის და ყველაფერს აკეთებს კონფლიქტის ასარიდებლად. ვაჟკაცი სხვების სიცოცხლის დაცვისათვის ყველაფერს აკეთებს და თუ მაინც შეცდა და დანაშაული ჩაიდინა, პირველ რიგში თავადვე ცდილობს პასუხი აგოს.


ეს მარტივი ცნებებია ის, რაზეც მოზარდის და ადრეული ახალგაზრდის სული უნდა იყოს აწყობილი, მანამ, სანამ სამართლებრივი მოქალაქის ცნებას გაიაზრებს სათანადოდ, რომ სისხლის დუღილს გონებით გადაეფაროს“, - წერს გამზარდია.