ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ „ქართული ოცნების“ წევრს პატიმრობა შეეფარდა

  • 11 ივლისი 15:45

თელავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა თელავის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ბრალდებულს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს მ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, -  ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ქმედებები მ.გ.-მ განახორციელა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ  2020 წლის ივნისში მ.გ.-მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.შ.-ს. ასევე   სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.შ.-ს და შვილს 18 წლის ი.გ.-ს, მათ შორის ერთხელ არასრულწლოვანი, 7 წლის შვილის  გ.გ.-ს თანდასწრებით.  აღნიშნულის შემდეგ მ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა ჰაერში და  მ.შ.-ს, ი.გ.-ს და გ.გ.-ს მოკვლით დაემუქრა, მოგვიანებით კი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით  მეუღლეს მ.შ.-ს და შვილებს ი.გ.-ს, ე.გ.-ს და გ.გ.-ს  სახლის დატოვება მოსთხოვა.


გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ქმედებები მ.გ.-მ განახორციელა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.


სამართალდამცველებმა მ.გ. 2020 წლის 8 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126 მუხლის პირველი ნაწილით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილით, 111-151 მუხლის მე-2 ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინა.


სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. მ.გ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.