რა ჩვენება მისცა „კაწრომ“ გამოძიებას და რა ალიბი წარადგინა ბილანიშვილმა?

  • primetime.ge
  • 11 ივლისი 15:27

„პრაიმტაიმი“ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხული ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ ჩვენებას ექსკლუზიურად აქვეყნებს.

გამოცემის მიერ გავრცელებული მასალებით, ბილანიშვილმა გამოძიებასთან 18 ივნისის ღამით მცხეთაში ყოფნა უარყო. მისივე თქმით, მას მთელი დღის განმავლობაში ქალაქი არ დაუტოვებია.


„2020 წლის 18 ივნისს დილის საათებში გამოვედი სახლიდან და ჩვეულებრივ უბანში ვიყავი მეგობრებთან სალაპარაკოდ. მთელი დღის განმავლობაში ჩუღურეთს არ გავცილებივარ, ყოველ შემთხვევაში დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ ქალაქის ტერიტორიიდან არ გავსულვარ.


ღამის საათებშიც ვიმყოფებოდი სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად, ვსარგებლობდი „ფეისბუქით“  დაახლოებით, უკვე 2020 წლის 19 ივნისის 02:00 საათისთვის დავწექი დასაძინებლად. ჩვეულებრივ მეძინა დილამდე და არსად არ გავსულვარ“, - ამბობს ბილანიშვილი გამომძებელთან საუბრისას.


 


როგორც ჩვენებაშია აღნიშნული „კაწრომ“ გამოძიებას 18 ივნისს სახლში ყოფნის დასტურად ტელეფონის ნომრის დეტალური ამონაბეჭდი წარუდგინა.


„მე დღეს ვიმყოფებოდი „მაგთიკომის“ ოფისში რომლის აბონენტიც ვარ და დამადასტურებლად იმისა, რომ 2020 წლის 18 ივნისის ღამის საათებიდან 2020 წლის 19 ივნისის დილის ჩათვლით ვიმყოფებოდი სახლში, გამოძიებას წარვუდგინე ჩემი ტელეფონის ნომრის დეტალური ამონაბეჭდი, 9 ფურცლად, რომელიც შეგიძლიათ დაურთოს საქმეს. მე ასევე დამატებით წარმოგიდგენთ ჩემი ტელეფონის ინტერნეტ ტრაფიკის მონაცემებს საქმეზე დასართავად“.


19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი თეთრპერანგიანი მამაკაცი ლაშა ლურსმანაშვილი აღმოჩნდა. აღნიშნულის შესახებ ლურსმანაშვილმა თავად განაცხადა.


არაფერი ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით. ერთადერთს გეტყვით, რომ ღამე ჩამოვედი ჩემს პირად საქმეზე და მოვხვდი არასწორ ადგილას არასწორ დროს. ამირხანაშვილს არ ვიცნობ არავის, უბრალოდ ადამიანმა დარეკვა მთხოვა და დასარეკი არ მქონდა. ამირხანაშვილი მოვიდა ჩემთან და მე არ მივსულვარ მასთან“, - განაცხადა ლურსმანაშვილმა​​.


19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი 10 ივლისს გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.


ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge