რა გახდა შაქარაშვილთან კონფლიქტის მოტივი?

  • 11 ივლისი 11:58

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება არასტანდარტულ და სტანდარტულ მოტივებს განიხილავს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რამდენმა ადამიანმა დაიწყო გიორგისთან ჩხუბი და რამდენმა გააგრძელა კონფლიქტი.


„ერთია რამდენი ადამიანი მისდევდა გიორგის ზოგადად და მეორეა რამდენმა გააგრძელა გიორგისთან გამოდევნება. ვიცით, რომ ამირხნაშვილთან დარჩა რაღაც ნაწილი და რაღაც ნაწილი გაეკიდა გიორგის. რამდენი გაყვა ისიც ვიცი, ვინც მიჰყვა ისიც ვიცი და ციხიდან რომ არ გამოვაცხადებ ისიც ვიცი. ვიხილავთ რამდენიმე მოტივს. როგორც სტანდარტულს ისე არასტანდარტულ მოტივსაც“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.


ინგა გრიგოლის კითხვაზე - გოგო ხომ არ იყო მოტივი? იყო ერთ-ერთი ვერსია, რომ ერთ გოგოზე იყო შეყვარებული გიორგი და კიდევ ერთი პირი? მირიან ნიკოლაძე პასუხობს, რომ არსებობის უფლება ამ ვერსიასაც აქვს.


19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი 10 ივლისს გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.


ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.