ეს საქმე განწირულია… წარმოუდგენელია, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა დადგეს – ალექსანდრე კობაიძე

  • ptn.ge
  • 10 ივლისი 22:09

„მე მოვისმინე მირიან ნიკოლაძის, ანუ დაზარალებულის ოჯახის პოზიცია, რომელსაც ასე შევაფასებ – ეს იყო უფრო ემოციურად შეფასებული ექსპერტიზის დასკვნა“, –  ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ალექსანდრე კობახიძე ამბობს, ეს საქმე სამართლებრივად არის განწირული და პროცესუალური საკითხები საგამოძიებო ეტაპზე დაგვიანებულია.


„რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, მინდა საზოგადოებას შევახსენო, ამ ეტაპზე არ გვაქვს არანაირი ახალი გარემოება იმ მხრივ, რომ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს პროკურატურა სხვა ბრალით ედავოს. აღნიშნული ექსპერტიზის თანახმად, სამართლებრივად წარმოუდგენელია, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა დადგეს, იმიტომ, რომ უნდა დადგინდეს შემხებლობა – გიორგი შაქარაშვილთან ჰქონდა თუ არა ვინმეს უშუალო კონტაქტი, ფიზიკურ კონტაქტს ვგულისხმობ. ამ ეტაპზე ასეთი რამ არ გვაქვს. ჩემი აზრით, ეს საქმე სამართლებრივად არის განწირული. რაც ამ შემთხვევაში დაზარალებულ ოჯახს სურს, არ დადგინდება, დიდი ალბათობით, სხვა პირების მიმართ ბრალეულობა, სამწუხაროდ, ვერ გამოიკვეთება, იმიტომ, რომ მთელი რიგი პროცესუალური საკითხები საგამოძიებო ეტაპზე დაგვიანებულია“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.


ცნობისთვის, დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიას ექსპერტიზის პასუხების ფარგლებში დასმულ კითხვებზე უპასუხა. მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილს მიყენებული ჰქონდა დაზიანებები, რომლებიც სასიკვდილო არ იქნებოდა. მირიან ნიკოლაძე ვარაუდობს, რომ გიორგი შაქარაშვილი არაგვში გადააგდეს. მისივე თქმით, პროკურატურის მიერ საქმის გადაკვალიფიცირება ოჯახისთვის მისაღებია. ამავდროულად ნიკოლაძე ამბობს, რომ საქმე კონკრეტულად 109-ე მუხლით უნდა აღიძრას. 

სრული ვერსიის ნახვა ptn.ge