კახა ბექაური: არაფერში არ გვჭირდება იძულების გაძლიერება, უფრო მსუბუქი ინსტრუმენტი შემოგვაქვს, რათა დავიცვათ მომხმარებელი კომუნიკაციის გარეშე დარჩენისგან

  • 10 ივლისი 20:12

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური დარგობრივი კომიტეტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა და კიდევ ერთხე განმარტა კომიტეტზე განხილული საკითხები.

 

„დღეს მოქმედი კანონით, თუ ოპერატორმა 4-ჯერ არ შეასრულა კომუნიკაციების კანონის მოთხოვნა და კანონი, კომისიას უფლება აქვს, რომ ლიცენზია ჩამოართვას ან ავტორიზაცია შეუჩეროს მას, რაც პრაქტიკაში მისი საქმიანობის გაჩერებას, საბოლოოდ კი მილიონობით მობილური და ფიქსირებული მომსახურების მომხმარებლების საკომუნიკაციო სერვისების გარეშე დარჩენას უდრის“, - განაცხადა ბექაურმა ჟურნალისტებთან.


„დღეს კომიტეტზე ყველა კითხვა დაისვა, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის, ბიზნესის, მედიის, კომიტეტის წევრებისგან, ყველას მიეცა დრო და ყველამ დასვა კითხვა, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაცემულია. აქვე გეტყვით, რომ რადგან დაჩქარებული წესით მიდის ამ საკითხის განხილვა, ჩემთვის გასაგებია, რომ კომიტეტს სჭირდება დრო, რომ ამ ხუთ საათიანი განხილვის დროს, რა საკითხებიც წამოიჭრა და რაზეც ჩემგან ამომწურავი პასუხებიც მიიღეს, თუ საჭიროდ ჩათვლიან შეაჯერონ დაზუსტებები და კორექტირებები შეიტანონ პროექტში. ჩვენ სხდომამდეც ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა დარგობრივ კომიტეტთან და რიგი დაზუსტებები გავაკეთეთ მანამდე, მაგალითად, თანმდევი კანონპროექტიდან მაუწყებლობის ნაწილში, რომელიც რეალურად, ტექნიკური შესწორება იყო, რადგან ცვლილება ისედაც არ ეხებოდა მაუწყებლობას და საერთოდ ამოვიღეთ ეს ნაწილი“, - განაცხადა ბექაურმა.


მისივე თქმით, ცვლილებები შეეხება, მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში წილის გასხვისებას ან შერწყმას თანხმობის გარეშე, ასევე მნიშვნელოვანი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას:


„ერთადერთი მიზანი ამ კანონის ცვლილების ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ცვლილებებია და მხოლოდ ამ სფეროს კომპანიებისთვის არის განსაზღვრული ეს რეგულაცია. ჯერ კიდევ ამ სხდომამდე გამოითქვა მოსაზრებები, ხომ არ იყო შესაძლებელი, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტის ცვლილებების ნაწილში დავიწროვება მომხდარიყო, რაზეც ჯერ კიდევ სამი დღის წინ კომიტეტთან სამუშაო პროცესში შევთანხმდით, რომ ცვლილებები შეეხება, მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში წილის გასხვისებას ან შერწყმას თანხმობის გარეშე, ასევე მნიშვნელოვანი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ეს ის საკითხებია, რომელიც ბაზარზე კონცენტრაციას ცვლის და კონცენტრაციის თვალსაზრისით ნეგატიურ გავლენას ახდენს კომუნიკაციების ბაზარზე. ამ მექანიზმის ამუშავების აუცილებლობა მაშინ დგას, თუ კომპანია არ ემორჩილება კომისიის გადაწყვეტილებას 4-ჯერ დარღვევის შემთხვევაში, თუ კომპანია 270 ათას ლარიან ჯარიმაზე გავიდა და არ აღსრულდა მაინც კანონის მოთხოვნა და კომისიის გადაწყვეტილება. კიდევ ვაზუსტებ, ეს საკითხი ეხება იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორების მხრიდან სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს და აქედან გამომდინარე, იწვევს მათი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ანუ მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებზე გავრცელდება, რომელიც მათი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით დაკვალიფიცირდება“,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავჯდომარემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.


კახა ბექაურის განმარტებით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით კომუნიკაციების კომისიას აქვს უფრო მძიმე ბერკეტი, რომელიც ავტორიზაციის გაჩერებას გულისხმობს. იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიას დარღვევის აღმოუფხვრელობის გამო ავტორიზაციას გაუჩერებს, ამით მნიშვნელოვნად დაზარალდება საზოგადოება, რადგან მომხმარებელი საკომუნიკაციო სერვისების გარეშე დარჩება, კომპანია კი დაიხურება. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, სწორედ ამ შედეგის თავიდან აცილების მიზნით არის კანონში ცვლილებების შეტანა საჭირო, რათა დაიცვას როგორც მომხმარებელი, ისე სახელმწიფო ინტერესი და ბიზნესი.


„ყველას კარგად რომ ესმოდეს, დღეს კომუნიკაციების კომისიას აღსრულების ყველაზე მძიმე მექანიზმი აქვს, რომლის გამოყენებაც დააზიანებს მომხმარებლის და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, იმიტომ რომ დიდი მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო კომპანიების გაჩერება, სწორედ საზოგადოებას და მომხმარებლების ინტერესს აზარალებს. შესაბამისად, როგორც გითხარით, ჩვენ არ გვჭირდება დამატებით უფრო მძიმე მექანიზმის შემოტანა კომპანიისთვის ჩვენი გადაწყვეტილების აღსასრულებლად, იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი მექანიზმი გვაქვს ლიცენზიის ჩამორთმევის სახით, ამიტომ არაფერში არ გვჭირდება იძულების გაძლიერება. ჩვენ უფრო მსუბუქი ინსტრუმენტი შემოგვაქვს, რათა დავიცვათ მომხმარებელი, რომ კომუნიკაციის გარეშე არ დარჩეს. ჩვენ უნდა გვქონდეს დროებითი მმართველის შეყვანის უფლება, რომ აღვასრულებინოთ კომპანიას კანონი, ისე რომ ზიანი არავის მიადგეს“, - განაცხადა კახა ბექაურმა.