ხვალინდელმა ექსპერტიზამ რამდენიმე კითხვას უნდა გასცეს პასუხი - შაქარაშვილის ბიძა

  • 9 ივლისი 22:24

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით,  ხვალ დასკვნა უკვე სახეზე იქნება და ექსპერტიზამ რამდენიმე კითხვას უნდა გასცეს პასუხი.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხვალ დასკვნა უკვე სახეზე იქნება, წესით, უკვე დამთავრებული უნდა იყოს ტექნიკური სახის პროცედურები და ხვალინდელმა ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი რამდენიმე კითხვას – პირველი, რა არის ბავშვის გარდაცვალების უშუალო მიზეზი, მეორე – მიყენებული დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდგომი და მესამე, როგორია დაზიანებების ხარისხი. ამ სამი კითხვის მიხედვით, ჩვენ გვექნება კატეგორიული ფორმა, რომელი ვერსიის გამზიარებელი ვიქნებით, მოგეხსენებათ, ოჯახი პირველივე დღეებიდან იძახის, რომ განზრახ მკვლელობის ვერსია არის ყველაზე რეალური ვერსია“, – განაცხადა ნიკოლაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.


19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.


მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.