ზოგჯერ ხელებს ვადებდი და მეგონა რომ ჩემი ენერგიით ვუმკურნალებდი - ალექსი პატურაშვილის დედა

  • 9 ივლისი 00:28

ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის მეუღლე ნატალი კორნევა სოციალურ ქსელში ალექსის შესახებ პოსტს აქვეყნებს. 

ნატალი ომში იყო უხილავი მტრის წინააღმდეგ და დამარცხდა. ის იხსენებს იმ გავლილ გზას, რაც ალექსისთან ერთად გაიარა. მშობლისთვის ძალიან რთულია მოუსმინოს ექიმის მიერ გამოტანილ მძიმე დიაგნოზს, რომ პატარა ბავშვს სიმსივნე აქვს. 


„წამება ლამაზად“ ალექს, მენატრები..


(ვიცი, რომ ეგოისტურია ეს ყველაფერი) ნეტა ისევ კლინიკაში ვიყოთ და ვიბრძოდეთ.. ვიცი, რომ იქ სადაც ხარ კარგად ხარ და დაისვენე, აღარ გტკივა. მე ყველაზე კარგად ვიცი ყველაფერი, მაგრამ მე მენატრები.


ახლა უკვე ვნატრობ, რომ ნეტა უცებ მომხდარიყო მოსახდენი ტკივილის გარეშე, ბედნიერია ის ვინც უცებ კვდება, წამების გარეშე.


მე სიკვდილის აზრს თითქმის ვეგუები და მესმის ყველაფერი, მაგრამ მე ვერ შევეგუები სიკვდილის ასეთ ფორმას, ასეთი წვალებით ნელ-ნელა დაღუპვას, მე ვერ მოვინელებ ამას ვერასდროს.


ყველაფერი მესმის, მაგრამ ასე?! ალექსი დაიბადა რუსეთში და 10 თვემდე ვიყავით ჩემს მშობლებთან, საქართველოში ჩამოსვლისთანავე შემთხვევით წავიყვანე ექიმთან შებერილობის გამო და აღმოაჩინეს ღვიძლში სიმსივნე, არადა სრულიად ჯანმრთელი დაიბადა, რაც ეს ამბავი გავიგე მას შემდეგ სამყარო თავდაყირა დადგა.


პირველი ექიმის კაბინეტში შესვლა და იმ სიტყვების გაგება, რომ ბავშვს სიმსივნე აქვს, პირველი სროლა იყო შემს გულში და მეგონა მესროლეს.


შემდეგ გამოკვლევები, ანალიზები, მკურნალობა... პირველი ქიმიის გაკეთება ერთი სიკვდილი იყო, თითქოს მეც მიკეთებდნენ ქიმიებს, მეც იგივე მტკიოდა რაც მას, ვგრძნობდი.


შემდეგ მისი ტირილი ყოველი ანალიზის დროს, ყოველი პროცედურის დროს მისი შეშინებული თვალები მიშველეთო და ვერ ვშველოდი.


მისი სისხლის დანახვა როგორ უღებდნენ, შემდეგ პირიქით სისხლს როგორ უსხამდნენ, ყოველ ღამე ექთნები რომ აწვალებდნენ და აღვიძებდნენ ღამეში 5-ჯერ ანალიზების გამო და გამწარებული ტიროდა, რატომ მაღვიძებენო.


მინდოდა მომეპარა და სახლში გამექცია, რომ ხელი აღარ დაედოთ მისთვის, მაგრამ ვიცოდი, რომ ვმკურნალობდით და მისთვისვე ვიბრძოდით. მე ჩავთვალე რომ ვიყავით ომში, ვარ მეომარი და ვიბრძვით უხილავი მტერის წინააღმდეგ, რომელიც ნაღმებს გვიგებდა და გვახეთქებდა პერიოდულად..


რადგან თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა მეც შემართებით ვიყავი, აქეთ სხვებს ვამშვიდებდი და ვამხნევებდი, ვაძლევდი მოტივაციას. როგორც მეომარს ყველა ნაბიჯი გათვლილი მქონდა, ვცდილობდი გონივრულად დამეგეგმა თუნდაც წვრილმანები, თუნდაც დასვენება, კვება და ა.შ. რადგან მეტი ენერგია შეგვრჩენოდა.


მე ვლოცულობდი, მთელი სამყაროს ძალას ვიხმობდი დასახმარებლად, შინაგან ენერგიასა და პოზიტივს ვიყენებდი, ზოგჯერ ვუმღეროდი, ვცეკვავდი ალექსის წინაშე და ვართობდი.


ზოგჯერ ხელებს ვადებდი და მეგონა რომ ჩემი ენერგიით ვუმკურნალებდი, სხვა რა გზა მქონდა..


ექიმის ყველა გადაწყვეტილებაში ჩართულები ვიყავით, ყველა დეტალს განვიხილავდით და ვგეგმავდით ექიმებთან ერთან.


მეგობრებო, ყოველი მისი ტკივილი და ტირილი და საწყალი თვალების ყურება ჩემთვის იარაღიდან სროლა იყო, ვისაც ეს გამოავლინა ვიცი რომ გამიგებენ.


მთლიანობაში მთელი ამ მკურნალობის პერიოდში რასაც მე ვუყურე თითქოს ავტომატიდან დამცხრილეს, თითქოს საკუთარ ბავშვზე ძალადობას მაყურებინეს 6 თვე უწყვეტად და როგორია დარჩე საღად მოაზროვნე და ადეკვატური, მაგრამ ვცდილობ.


ცრემლნარევი ვუღიმოდი ხოლმე, ძალით გაცინებულს ვანახებდი ჩემს თავს.


დამცხრილეს და მაინც მივხოხავდი გამარჯვებისკენ და სხვებს ვეუბნებოდი ხოლმე, გახსოვთ?) „არასოდეს არ დანებდე“ ყოველ დღე ტყვიას მესროდნენ, ბოლოს ცუდი პროგნოზებით მცხრილავდნენ და მაინც არ ვნებდებოდით, ასე სულიერად ვხოხავდი დაჭრილი, ფიზიკურად კი არაფერი მეტყობოდა. და ბოლოს რეანიმაციაში აქ თბილისში რასაც ჯოჯოხეთს ვეძახი, რაც დაინახა ჩემმა თვალებმა, როგორ იწამა, ნელ-ნელა როგორ ახრჩობდა ის ბოროტება სიმსივნე, როგორ დასივდა, როგორი უფორმო იყო და კვნესოდა, ფილტვები ეკეტებოდა, ვეღარ შარდავდა, მუცელი ასკდებოდა სიდიდისგან, მე ვუყურეეე მის წამებააას! და რომ გარდაიცვალა „კონტროლკა“ იყო ჩემთვის შუბლში და აი მაშინ კი მეც დავეცი და მასთან ერთან გარდავიცვალე.


რეანიმაციაში ავვარდი და ჯერ ისევ თბილი იყო, მის ხელებს ვეფერებოდი, გადაფარებული ჰქონდა ზეწარი და ვერ ვტიროდი ვერ, გაბრაზებული, გამწარებული, გაცოფებული და გააფთრებული ვუყურებდი მის ნაწვალებ სხეულსს! ლამის ჩემი ხელებით ამოვუღე მუცლიდან სიმსივნე..


რამდენი ვიომეთ და ვერ დავამარცხეთ ის ბოროტება. ასეთი სიკვდილით არ უნდა კვდებოდნენ. დედამ შვილის წამებას და სიკვდილს არ უნდა უყუროს!!!


ახლა თითქოს გული ცოცხლად ამომაჭრესო ანესთეზიის გარეშე, ველურად, მახინჯად და დამტოვეს ცარიელი სხეული და რა გავაკეთო არ ვიცი, სად ვარ? ვინ ვარ? რატომ ვარ? რისთვის? რატომ?...“- წერს ალექსის დედა.


ცნობისთვის ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილს ალექსი პატურაშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვევს. სამწუხაროდ ალექსი უხილავ მტერთან ბრძოლაში დამარცხდა.