7 ფრაზა, რომელიც ბავშვს "შეწყვიტე ტირილის" ნაცვლად უნდა უთხრათ

  • 22 ნოემბერი 16:10

გვერდი "ცერებრუმი", რომელიც ბავშვთა და მოზარდთა მენტალობასა და ფსიქიატრიაზე ბლოგების გავრცელებაზეა ორიენტირებული წერს თუ რამდენად მავნებელია ფრაზა "შეწყვიტე ტირილი!" ბავშვების დასამშვიდებლად.

"შეწყვიტე ტირილი!"- რამდენად მავნებელია ეს ფრაზა ბავშვის ფსიქიკისთვის და რით შეიძლება ჩავანაცვლოთ ის ⁉️


ბავშვებს, განსაკუთრებით მცირე ასაკში, მოზღვავებული აქვთ ემოციები, რასთან გამკლავებაც პირველ რიგში ოჯახის წევრებსა და მშობლებს უწევთ. ხშირად, საკუთარ ნერვებზე კონტროლის დაკარგვის შედეგად, მშობლები ბავშვების ცრემლებს საკმაოდ უხეშად და აგრესიულად პასუხობენ. ბავშვები ყოველდღიურობის ხარჯზე სწავლობენ საკუთარი გრძნობების კონტროლს, შესაბამისად, მათ უჭირთ ნეგატიური ემოციების შეკავება, განსაკუთრებით - ტირილის. მშობლისგან წამოსული ფრაზა "შეწყვიტე ტირილი" ან "ნუ ტირი" კიდევ უფრო ცუდად მოქმედებს პატარას ემოციურ მდგომარეობაზე. ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ ტირილი ბუნებრივი და ადამიანური მოვლენაა და არ გამოხატავს სისუსტეს, არ არის სირცხვილი და ხშირად საჭიროც კი არის. ტირილის აკრძალვით ან შეწყვეტის მოთხოვნით ჩვენ უგულებელვყოფთ ბავშვის განცდებსა და გრძნობებს.


რა ფრაზებით შეუძლია მშობელს დაამშვიდოს ანერვიულებული და ატირებული ბავშვი?


1. "ტირილი ნორმალური მოვლენაა." - თუ ბავშვი თავს გრძნობს ცუდად, ემოციურად, აღელვებულად - მას სჭირდება ტირილი, რათა გამოათავისუფლოს ნეგატიური განცდები. შესაბამისად, მშობლისგან თანადგომა ასეთ სიტუაციაში მას ჰაერივით ესაჭიროება.


2. "მესმის, რომ განაწყენებული/აღელვებული ხარ" - ბავშვი უნდა ხვდებოდეს, რომ მშობელს ესმის მისი და ცდილობს მას დაეხმაროს. მაგალითად, თუ პატარას სურს შოკოლადი მაღაზიიდან, რომელსაც ვერ იღებს, მშობელს შეუძლია უთხრას: “მესმის, გეწყინა რომ შოკოლადი არ გიყიდე, ვიცი გინდოდა, მაგრამ შენი ჯანმრთელობისთვის უმჯობესია ასე გვექნა.”


3. "მე შენთან ვარ." - ხშირად ბავშვს უბრალოდ მშობლის გვერდით ყოფნა სჭირდება, ხელის ჩაკიდება, მოფერება და ემოციების გაზიარება. ამ გზით პატარა უფრო მარტივად დამშვიდდება და მშობლის მიმართ ნდობის ფაქტორი საგრძნობლად მოიმატებს.


4. "ვიცი, რომ დაიღალე, მაპატიე." - თუ ბავშვი ანერვიულებულია დაღლის ფონზე, უმჯობესია მშობელმა აიღოს პასუხიმგებლობა და გულწრფელად მოუბოდიშოს პატარას დღის არასწორად დაგეგმვის გამო.


5. "ნამდვილად საშიში იყო, მაგრამ მე შენთან ვარ." - შეშინებული ბავშვები ხშირად ვერ აკონტროლებენ თავს და იწყებენ ტირილს. მნიშვნელოვანია პატარამ იგრძნოს, რომ მისი შიში არ არის უსაფუძვლო, თუმცა საფრთხე მას არ ემუქრება.


6. "მე დაგეხმარები." - თუ ბავშვს სჭირდება დახმარება, ემოციური თუ ფიზიკური, მას არ უნდა შერცხვეს მშობლისთვის ამის თხოვნა, თუნდაც ტირილის და ემოციების ფონზე.


7. "მომიყევი, მე მოგისმენ." - პატარების ემოციების მართვის საუკეთესო გზა გრძნობების გაზიარებაა. რა მიზეზითაც არ უნდა ტიროდეს ან ჭირვეულობდეს ბავშვი - მშობელი მზად უნდა იყოს მოსმენის და გამოსავლის ძიებაში დახმარებისთვის. დროთა განავლობაში, ბავშვს თავისით გაუჩნდება სურვილი დაელაპარაკოს მშობელს და მოუყვეს თავისი განცდები.


შემდეგში, როდესაც თქვენი პატარა ტირილით და ჭირვეულობით მიიპყრობს თქვენს ყურადღებას, შეეცადეთ მიუდგეთ მის მდგომარეობას როგორც მისი პატარა მეგობარი და ერთად იპოვოთ გამოსავალი. გამოუცდელი ბავშვი თვალდახუჭული ენდობა უფროსს, რომელიც ყოველთვის მზად არის დაეხმაროს, მიუხედავად მისი ემოციური მდგომარეობისა. ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ მშობელი ყოველთვის მიიღებს მას - მშვიდს, დინჯს, ემოციურს, ანერვიულებულს თუ ატირებულს.