ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებულებს 9 და 8 წელი მიესაჯათ

  • 22 ნოემბერი 14:38

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულებს 9 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულები ბ.კ. და ა.ლ. დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით ბ.კ. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების 5 ეპიზოდში, ხოლო ა.ლ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბ.კ.-მ 2019 წლის 30 იანვრიდან 23 თებერვლის ჩათვლით,  ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, სხვადასხვა ოდენობით: 0,156 გრ., 0,1698გრ., 0,115 გრ, 0,1323 გრ და 0,103 გრ.  მოქალაქეზე 250-250 ლარად გაასაღა.


ასევე, დადასტურდა, რომ  ბ.კ.-მ წინასწარი შეთანხმებით ა.ლ.-სთან ერთად, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,1 გრ. და 0,14 გრ. „ჰეროინი“, რომელიც 2019 წლის 3 და 4 თებერვალს  250-250 ლარად გაასაღა. 


უკანონოდ გასაღებული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებული იქნა სამართალდამცველების მიერ.  


სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით, ასევე, დადგინდა, რომ ა.ლ.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,0099 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც  ამოღებული იქნა მისი საცხოვრებელი ბინიდან.  


სამართალდამცველებმა ბ. კ. და ა.ლ. 2019 წლის 1-ელ მარტს ქ.თბილისში  დააკავეს. 


ბ.კ-ს ბრალდება 5 ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის  1-ლი და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება), ხოლო ორ ეპიზოდზე  260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით  (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) წარედგინა. ა.ლ.-ს  260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და ორ ეპიზოდზე 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 


თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.კ. და ა.ლ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში  და სასჯელის სახედ და ზომად ბ.კ.-ს 9 წლით, ხოლო ა.ლ-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.