თევზაძე: დღეს ქართული საზღვაო ძალების დღეა -ამ დღეს სათავე აფხაზეთის ომში ერთი თევზსაჭერი სეინერის ეკიპაჟის სიმამაცემ დაუდო...

  • 7 ივლისი 17:23

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ქართვლ სამხედრო მეზღვაურებს საზღვაო ძალების დღეს ულოცავს და იმედოვნებს, რომ ერთ დღეს ქართული ფლოტი ფენიქსივით აღდგებარითაც საქართველოს ყველა მოქალაქე იამაყებს.

„ქვემოთ, სურათზე, ჩვენი ზღვაა.


თუ გახსოვთ? დღეს ქართული საზღვაო ძალების დღეა. დღე, რომელსაც სათავე აფხაზეთის ომში ერთი თევზსაჭერი სეინერის ეკიპაჟის სიმამაცემ დაუდო. იმ საზღვაო ძალებისა, რომელიც 2008 წელმა აღარ დაინდო და რომელსაც არაჩვეულებრივად მამაცი და წესიერი ადამიანები სარდლობდნენ.


ვულოცავ სამხედრო მეზღვაურებს, სადაც არ უნდა იყონ ისინი... მე ყველა მახსოვხართ და პატივს გცემთ.
მწამს, ერთ დღეს, ქართული ფლოტი ფენიქსივით აღდგება დავიწყებიდან და ჩვენ ყველანი ვიამაყებთ ამით“, - წერს დავით თევზაძე.



ჟურნალი „არსენალი“ გასულ წელს საქართველოს საზღვაო ძალების ბრძოლას სტატიას უძღვნიდა. გთავაზობთ ამონარიდს მასალოდან სათაურით სეპარატისტების რისხვა „განთიადი“.


„აფხაზმა სეპარატისტებმა რამდენჯერმე სცადეს საზღვაო კომუნიკაციებზე კონტროლის სისტემაში შემავალი გემის, „ვექტორის“ მწყობრიდან გამოყვანა. ერთხელ აფხაზებმა „ვოლგის“ ტიპის კატარღებიდან გემის სავალი ჯიხური ტყვიამფრქვევის ცეცხლით დაცხრილეს და „რპგ“-7-ის რამდენიმე ჭურვიც ესროლეს. 6-7 ივლისს „ვექტორი“ ოჩამჩირიდან მგზავრებით გამოვიდა და კურსი სოხუმისაკენ აიღო. იმ დროს ტამიშის მახლობლად აფხაზური კატარღები დაცურავდა და ორმა მათგანმა გემის დაკავება სცადა. „განთიადი“ სკურჩასთან იყო, როცა ეს გაირკვა და გემის მეთაურის, შუქრი კოპალიანის ბრძანებით სეინერი სრული სვლით „ვექტორის“ დასახმარებლად წამოვიდა. ყველა საცეცხლე საშუალება საბრძოლო მზადყოფნაში იყო და ბრძანებისთანავე მოწინააღმდეგისთვის გამანადგურებელი ცეცხლის გახსნა შეეძლო. ნათელი ღამე იყო და ზღვის ზედაპირი კარგად ჩანდა. როგორც კი ერთ-ერთი აფხაზური კატარღა თვალთახედვის არეში მოექცა, მთელი ცეცხლი მისი მიმართულებით გაიხსნა. „ვოლგას“ ცეცხლი მოედო და წყალში გაუჩინარდა. გათენებისას ზღვაში ქართული კატარღები გავიდნენ და ის რაიონი დაათვალიერეს, სადაც, სავარაუდოდ, აფხაზთა კატარღა ჩაიძირა. ჩვენმა მეზღვაურებმა მაშველი რგოლი, ნაფოტები და საწვავის ლაქა იპოვეს... მთელი ომის მანძილზე ეს იყო ერთადერთი შემთხევევა, როცა ქართულმა გემმა მოწინააღმდეგის კატარღა გაანადგურა და ამის აღსანიშნავად 7 ივლისი საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების დღედ გამოცხადდა”.


საქართველოს საზღვაო ძალები 1991 წელს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით შეიქმნა.