ლაგოდეხის ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოსწავლის დედა: ერთი პედაგოგი იქ არ ყოფილა, მეორე ბანაობდა!

  • 7 ივლისი 09:59

ლაგოდეხში, ექსკურსიის დროს გარდაცვლილი გოგონას, სოფო ნიკოლეიშვილის დედა, ლანა ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სკოლა „ალბიონის“ შესახებ წერს.

 

ლანა ნიკოლეიშვილი თავის პოსტში აღნიშნავს, რომ  სკოლა „ალბიონმა“, სადაც შვილი სწავლობდა მორიგი წერილი გამოაქვეყნა და რეალობას არ შეესაბამება.


„ისევ „გამოაცხო“ ალბიონმა სოფის თანაკლასელების სახელით გულისამაჩუყებელი, გამამართლებელი და სინდისდამამშვიდებელი წერილი. ისევ ახალგაზრდების ზურგს ეფარება დირექცია და პედკოლექტივი…


სინდისი რომ გქონოდათ, იმ ღამეს არ დამტოვებდით ლაგოდეხში. შუადღეს მომხდარი ამბავი ღამის ათის წუთებამდე არ ვიცოდი. ისიც ჩემი გაუჩერებელი ზარების მერე, იკადრეთ…


რა დამავიწყებს იმ კადრს,როცა პოლიციის შენობაში, ჯერ კიდევ არარსებულ იმედს ვებღაუჭებოდი, მაგრამ მაინც ვიცოდი, რომ შვილი აღარ მყავდა და თქვენი უსინდისო დირექტორი, ჩემგან ოთხ-ხუთ მეტრში გაწყნარებდათ. ნუ გეშინიათ, თქვენი ბრალი არ არის, ჩვენ ყველაფერი წესრიგში გვაქვს, დოკუმენტაცია, ექიმი, გამართული ტრანსპორტი….


ახლა და ადრეც, კლასის სახელით დაწერეთ აბსურდი. შინაარსობრივად იქნებ სიმართლესთან, მომხდარ ფაქტთან ახლოსაა, მაგრამ მორალს საითაც მიერეკებით, საზიზღრობაა!.


„ურჩი ბავშვი“ „არ დაემორჩილა პედაგოგებს“… რომელ პედაგოგებს? ერთი იქ არ ყოფილა, მეორე თვითონაც ბანაობდა! ვასიკო ჩავიდა წყალში და თოკით ამოიყვანეს… აბსურდი და რატომ.


თოკი ფიგურირებს კი,მაგრამ ისმის კითხვა -  სად იყო თოკი? თან არავის წაუღია. იცით მაინც წყალში ადამიანი უჟანგბადოდ რამდენ ხანს ძლებს? სოფი დინებამ რომ გადაიყოლა, მასწავლებელს არც გაუგია. ვერც ბავშვები მიხვდნენ რა მოხდა. ელოდებოდნენ ამოვაო… თქვენი აზრით ორ წუთში მოიკითხა ვინმემ? ყველანაირი დრო ამოიწურა, როცა გაიგეს რაც მოხდა და მოიკითხეს ბავშვი.


მერე იმ ადგილს ვერც მიუახლოვდა ვასიკო და დაიწყეს თოკის მოძიება. როდის იშოვეს…სად მიდიოდა? ნახევარ და ერთ საათს ცოცხალი იქნებოდა ჩემი შვილი? წელზე მოიბა, ეცადა და გამოათრიეს უკან. ეს უნდა ჩავუთვალოთ რაში? ეს ხო მოვალეობა იყო მისი პირდაპირი. რატომ არ ჩაყვა ბოლომდე? უი,სიკვდილის შეეშინდა?! და განიცადესო რომ წერთ უნამუსოებო, არც უნდა განეცადათ?


თქვენ გულგრილობის მუხლი, იმდენად სულელები გგონივართ, მერე რომ განიცადეს, იმაში გინდათ აურიოთ და საზოგადოებასაც ასე არეულად მიაწოდოთ?!


რა თქმა უნდა, ცუდად გახდა ლალი და ვაიმე, ფეხი ტკიოდა ვასიკოს?! ნორმალურები თუ ხართ ალბიონელებო?! მოკეტეთ და კანონი აკანონეთ!“- წერს სოფო ნიკოლეიშვილის დედა, ლანა ნიკოლეიშვილი.


ცნობისთვის, 2019 წლის 26 მაისს სკოლა „ალბიონის“ მოსწავლეები ლაგოდეხის ნაკრძალში წაიყვანეს. ექსკურსიაზე მოსწავლეები აღმზრდელთან და პედაგოგებთან ერთად იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი მოსწავლე სოფო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება.