„კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა შეიძლება არ დადგეს“ - ჯანმო

  • imedinews.ge
  • 3 ივლისი 21:36

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის მაიკლ რაიანის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა შეიძლება არ დადგეს.

„დარწმუნებით ამის თქმა არ შეიძლება. ამ დაავადების დაწყებისთანავე უამრავი სპეკულაცია იყო, თუ რა მოხდებოდა სეზონის შეცვლის შემდეგ. ყოველთვის რთულია იმის თქმა, თუ რა მოხდება, როდესაც საქმე ახალ ვირუსთან გაქვს. ახალი ტალღის პოტენციალი იმის გააზრებას ეფუძნება, რომ ეს რესპირატორული ვირუსია, ხოლო ასეთი ვირუსები კი ბუნებით სეზონურია“, - განაცხადა მაიკლ რაიანმა.


მისივე თქმით, უამრავ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების ზრდა არა როგორც მეორე ტალღა, არამედ როგორც მეორე პიკი უნდა განიხილებოდეს, ვინაიდან ვირუსი საკმარისად არ იყო ჩახშობილი მისი განმეორებითი გადაცემის თავიდან ასაცილებლად.


„ახლა ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ ვირუსთან ბრძოლისთვის, რაც მეორე შესაძლო ტალღის დროს ცუდი სცენარის თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს. მეორე ტალღასთან ბრძოლა ეფექტური იქნება, თუ გაკვეთილს გამოვიტანთ პირველი ტალღიდან“, - აღნიშნა მან.


ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიანდ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge