ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: საბანკო რეგულაციები კომპლექსურად არის გადასახედი

  • 20 ნოემბერი 19:15

„საბანკო რეგულაციები კომპლექსურად არის გადასახედი“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ განუცხადა.

„ზოგადად, ვფიქრობთ, რომ რეგულაციები შესაცვლელია, მაგრამ არ არის საუბარი კონკრეტულ, ერთ ან ორ რეგულაციაზე. საუბარია, რომ რეგულაციები მთლიანად, კომპლექსურად გასაანალიზებელია და, სავარაუდოდ, შესაცვლელი. რაც შეეხება ლარში გასაცემი სესხების 200-ათას ლარიან ზღვარს, ამაზეც განყენებულად საუბარი არ იქნება სწორი. აქაც რაღაც ვითარებაში ეს ზღვარი შეიძლება, გამართლებული იყოს, რაღაც ვითარებაში არა“, – აღნიშნა თხელიძემ.


მისი თქმით, მთავრობის ნაბიჯები და ძალისხმევა მიმართულია ეკონომიკის ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნისკენ:


„თუ ეროვნული ბანკის ქმედებები არ იქნება პრინციპულ თანხვედრაში მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან, საეჭვოა, რომ სასურველ შედეგამდე მივიდეთ”, – განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ.


რეგულაციების შერბილებაზე, მათ შორის ლარში გასაცემი სესხების 200-ათასიანი ზღვარის შემცირებაზე დღეს პარლამენტში იყო საუბარი, სადაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს მოუსმინეს.