წამებისთვის ძებნილი, სასჯელაღსრულების ყოფილი უფროსი გერმანიამ საქართველოს გადასცა

  • ptn.ge
  • 3 ივლისი 13:45

დღეს, 3 ივლისს ბერლინიდან თბილისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირება განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრაიმტაიმი ავრცელებს.

ძებნაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი გერმანიამ ქართულ მართლმსაჯულებას გადმოსცა. ინფორმაცია ჭაკუას ექსტრადირების შესახებ „პრაიმტაიმს“ იუსტიციის სამინისტროში და გენერალურ პროკურატურაშიც დაუდასტურეს, თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ დეტალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.


ცნობისთვის: არაერთ მძიმე დანაშაულში ბრალდებული – დავით ჭაკუა ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა.


44 წლის დავით ჭაკუას ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირებაში, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა.


გარდა ამისა, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ჭაკუას მხილებულია პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია და მოწმეზე ძალადობა.


პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2012 წლის 17 სექტემბერს ზურაბ ადეიშვილმა ციხის სკანდალური კადრების გავრცელებამდე, სწორედ ჭაკუას დაავალა გლდანის ციხეში წინასწარ შერჩეული პატიმრების მიმართ დამცირების, წამების, ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ორგანიზება და ამ ფაქტის ვიდეოგადაღება, რათა სკანდალური კადრების მოსალოდენლ გავრცელებამდე საზოგადოებას შექმნოდა აზრი, რომ ისინი დაკვეთით იყო გადაღებული.

სრული ვერსიის ნახვა ptn.ge