რატი იონათამიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ადეკვატური პასუხები ვერ მიიღო

  • interpressnews.ge
  • 20 ნოემბერი 18:29

მე ვფიქრობ, რომ ის გამოწვევები და პრიორიტეტები, რაც არის ეროვნული ბანკის მხრიდან, ადეკვატურად ვერ პასუხობს რეალურად არსებულ გამოწვევებსა და პრიორიტეტებს,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის საპარლამენტო მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ადეკვატური პასუხები ვერ მიიღო.


„სამწუხაროდ, ვერცერთ ჩემს შეკითხვაზე ვერ მივიღე ოდნავ ადეკვატური პასუხიც კი. ჩემი კითხვა ეხებოდა შენობას, რომელსაც ყიდულობს ეროვნული ბანკი, იმიტომ, რომ მიწის ნასყიდობის ხელშეკრულებაში და შენობაში სულ 80 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, რაც ძალიან არაადეკვატურია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს არის ქვეყანაში. ამიტომ ვფიქრობ, ეს საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს.


მეორე, მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტალში, ეკონომიკური ზრდის პროცენტულ მაჩვენებელს თუ ავიღებთ, გაცილებით უკეთესია, ვიდრე წინა წლის და მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ დევალვაცია. ამასთან დაკავშირებით მას პასუხი არ ჰქონდა და არც პასუხისმგებლობას იღებს.


ჩემი განწყობა ერთმნიშვნელოვნად არის ძალიან კრიტიკული. ჩვენ მოგვიწევს საბოლოოდ ძალიან სერიოზულად მსჯელობა შეფასების მხრივ, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, ის გამოწვევები და პრიორიტეტები, რაც არის ეროვნული ბანკის მხრიდან, ვერ პასუხობს ადეკვატურად რეალურად არსებულ გამოწვევებსა და პრიორიტეტებს“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე პროგნოზი დაგვანახებს, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა განეიტრალდა.


ცნობისთვის, ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, რომელშიც ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად და შესაძლო რისკების მიმოხილვა.

სრული ვერსიის ნახვა interpressnews.ge