ძალადობის გავლენა ბავშვის მენტალობაზე

  • cerebrum.ge
  • 3 ივლისი 12:37

ნებისმიერი აქტი, რომელიც ფიზიკურად ან მენტალურად აზიანებს ბავშვის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, შეიძლება ჩაითვალოს ძალადობად.

კვლევების თანახმად, აშშ-ში ყოველ 10 წამში ერთი ბავშვი ძალადობის მსხვერპლი ხდება.


მშობლები, სასურველის მისაღწევად ან ბავშვის დასჯის მიზნით, ხშირად ძალადობის გზებს მიმართავენ, ამის გასამართლებელ არგუმენტად კი იმას ასახელებენ, თავადაც ასე იზრდებოდნენ საკუთარ ოჯახებში და ეს ნორმალური, ადეკვატური საქციელია.


აქედან გამომდინარე, უფროსები ხშირად ასეთ ქცევებს და მოქმედებებს ვერ აღიქვამენ ძალადობად , და ვერ აცნობიერებენ, რომ ეს ბავშვის ფსიქიკას აზიანებს .


უფროსების მხრიდან ბავშვზე ძალადობის ყველაზე ხშირი გზაა ვერბალური (სიტყვიერი) ძალადობა. სიტყვიერ ძალადობად არ მიიჩნევა შენიშვნა ან კრიტიკის გამოთქმა ბავშვისათვის.
შეურაცხყოფის მიყენება, ყვირილი, ბავშვის ცინიკურად გაკრიტიკება, ბილწსიტყვაობა, დაცინვა - ყოველივე ეს სიტყვიერი ძალადობის ფორმებია წარმოადგენს. ბავშვობის ასაკში, პატარას ქცევისა და ცხოვრების მაგალითს ირგვლივმყოფი უფროსები წარმოადგენენ.



უფროსი ადამიანის დამცინავი, შეურაცხმყოფელი სიტყვები და ტონი ძლიერ მოქმედებს ბავშვის თვითშეფასებაზე.
ცნობილი ფსიქიატრის ჯ. ჯონსენის კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ ვერბალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში პიროვნების აშლილობების ჩამოყალიბების რისკი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ადამიანებში.


მშობლის მიერ ბავშვის დარცხვენა ასევე წარმოადგენს ძალადობის ერთ-ერთ გამოვლინებას.
ნებისმიერ მცირე შეცდომაზე ბავშვის გონებაში სირცხვილის აღძვრა დიდ გავლენას ახდენს პატარას ფსიქიკაზე. ეს ბოჭავს მის მოქმედებებს მომავალში, კეტავს მას საკუთარ თავში და არ აძლევს უფლებას, განვითარდეს სურვილისამებრ. დარცხვენა განსაკუთრებულად მოქმედებს ბავშვზე, თუ ეს ხალხის, თუნდაც ახლობლების თანდასწრებით ხდება.


ბავშვზე ემოციური ძალადობა საკმაოდ ხშირი მოვლენაა მშობლებთან ურთიერთობისას.
დანაშაულის გრძნობის განზრახ აღძვრა ნებისმიერ დეტალურ შეცდომაზე, გადამეტებული კონტროლი ან პირიქით - უყურადღებობა, ბავშვის ემოციების უგულებეყოფა, დაშინება - ყოველივე ეს არაჯანსაღ ურთიერთობაზე მიგვანიშნებს.


ბავშვების გამოუცდელობისგან გამომდინარე, მათთან ურთიერთობა საკმაოდ მარტივია, რადგან პატარები მომართულნი არიან, შეისწავლონ და აითვისონ მშობლის მიერ გაწეული ნებისმიერი მითითება თუ დარიგება.
სიჯიუტე ნორმალური, ადეკვატური მოვლენაა ბავშვის ყოველდღიურობაში და მსგავსი ქცევის გამო პატარას მძიმედ დასჯა ცუდ შედეგს გამოიტანს.
ბავშთან მშვიდი საუბარი უფრო შედეგიანია, ვიდრე რაიმე სახის ძალადობით მიღწეული კონსესუსი, რადგან პატარები ასეთ დროს უფრო მეტად ენდობიან მშობელს და ითვალისწინებენ მათ მითითებებს.
ოჯახში ნდობის ფაქტორი უფრო ძლიერ მოქმედებს ბავშვზე, ვიდრე შიში.


ბავშვობაში გადატანილი ძალადობის კვალი ადამიანს ცხოვრების ბოლომდე მიჰყვება და ყოველთვის იქონიებს მასზე და მის ურთიერთობებზე გარკვეულ გავლენას, რის გამოსასწორებლადაც წლობით ფსიქოთერაპია ხდება საჭირო.


ძალადობის შედეგად ბავშვები იკეტებიან საკუთარ თავში, ვერ ახერხებენ ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ითრგუნებიან, კარგავენ თვითშეფასებას და, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, თვითმკვლელობის აზრამდეც მიდიან.


სხვაზე, განსაკუთრებით ბავშვზე ძალადობა არ მართლდება საკუთარი გამოცდილებით ან ხასიათით. ძალადობა არ მართლდება ბავშვის სიჯიუტით ან დასჯის მიზნით. ძალადობა არანაირ ჭრილში, არანაირი მიზეზით არ მართლდება და წარმოადგენს მძიმე დანაშუალს, პირველ რიგში ბავშვის ზრდა-განვითარებაზე მიმართ. 


საქართველოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო „ცხელი ხაზი" - 116 -006

სრული ვერსიის ნახვა cerebrum.ge