„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

  • 2 ივლისი 20:54

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, როგორც IUSY-ს სრულუფლებიანმა წევრმა, მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის კომიტეტის (BSAC) ორდღიან ონლაინ კონფერენციაში.

1-ელ და 2 ივლისს, დისტანციური პლატფორმით, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ და ორგანიზაცის წევრმა ნინი გიგინეიშვილმა უცხოელ კოლეგებთან ერთად პანდემიის პერიოდი, ამ მხრივ ქვეყნების გამოცდილება და ახალგაზრდების ჩართულობის საკითხები განიხილეს.


„წელს განსხვავებული ფორმატით, საერთაშორისო პარტნიორებს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს გამოცდილება და ჩვენი მოხალისეთა შტაბის შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. ასევე, ვისაუბრეთ წინასაარჩევნო პროცესებსა და მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. დავამტკიცეთ რეზოლუცია და დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობა“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ.


აღსანიშნავია, რომ პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ 2019 წლის აპრილში IUSY-ის პრეზიდიუმსა და შავი ზღვის კომიტეტს საქართველოში პირველად უმასპინძლა. დელეგაციის წევრები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნენ და ერთიან რეზოლუციას მოაწერეს ხელი.


ცნობისთვის, IUSY მსოფლიოს უმსხვილესი ახალგაზრდული პოლიტიკური გაერთიანებაა. ორგანიზაცია 1907 წელს დაარსდა და მასში 100-ზე მეტი სახელმწიფოა წარმოდგენილი.