რა შეეძლო ერთ ზაფხულს?

  • facebook.com
  • 29 ივნისი 18:15

პედაგოგი ნანა ბეკოშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში ჩანახატებს ხშირად აქვეყნებს, ამჯერად სოფელში ზაფხულის პერიოდში დამახასიათებელ ამბებზე პოსტს ავრცელებს. 

ნანა ბეკოშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:


„რა შეეძლო ერთ ზაფხულს?


სოფლის კლუბში ინდური ფილმების ჯადოსნური სამყაროს დაწყება.


მეზობელი ბავშვების ხვეწნა: „გამოუშვით რა, ჩვენ მოვაცილებთ“.


დიდი ბიჭების სტვენა და საგულდაგულოდ გამოპრანჭული, „ფჩოლკა“ დაყენებული გოგონების ჩუმი თვალთვალი.


არხზე საბანაოდ წასვლა და პირველი სირცხვილი ბიჭების წინაშე სველი, ტანზეშეწებებული კაბების გამო.
საღამოობით, სოფლის მტვრიან ორღობეებში გადმოწვდილი თხილების დაკრეფა და ერთი თხილის გულის ცხრა ძმაზე გაყოფა.


ყველაზე „რომანტიული“ საღამოები, გზად გამოშლილი ნახირი და გარდერობში ძლივს ნაპოვნი, ახალგაუთოვებული კაბით გამოფრიალება ორღობეებში ჩამომსხდარი ჭორიკნების „თვალის ასახვევად“.


ოცნებებით სავსე ძილისწინა წუთები და ტკბილი, ჩიტების ჭიკჭიკითა და მზის სხივებით გათენებული დილა.
რა შეეძლო ერთ ზაფხულს? ნამდვილი ბედნიერების მონიჭება, ჩვენი გაზრდა და შეხედულებების გადაფასება შეეძლო, სასექტემბრო მზადება და აგვისტოს მიწურულს მომატებული გულისცემა სკოლის მოახლოების გამო.
ახლა აღარ ვიცი, რა შეუძლია ერთ ზაფხულს. იქნებ, ისიც ისე შეიცვალა და დაიღალა, როგორც ამ ტექსტის ავტორი, იქნებ, აღარაფერი იცვლება - გარდა თარიღებისა. ან იქნებ, ზაფხული მხოლოდ ბავშვობაა და მას გაზრდილ, ბავშვობაჩამოტოვებულ ადამიანებთან აღარაფერი ესაქმება“.

სრული ვერსიის ნახვა facebook.com