ილია მეორე: ვიმედოვნებთ, დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხი ძმური სიყვარულით გადაიჭრება 

  • 16 ნოემბერი 00:58

"ვიმედოვნებთ, უძველესი ქართული კულტურის ძეგლთან - დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხი ძმური სიყვარულით სამართლიანად გადაიჭრება, როგორც ეს შეჰფერის მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებს", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მისასალმებელ სიტყვაში წერია, რომელიც ბაქოში სამშვიდობო ფორუმზე გაჟღერდა.

 

მისასალმებელ სიტყვას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. 


"გულითადად მოგესალმებით ამ საერთაშორისო ფორუმის მასპინძლებს, ორგანიზატორებსა და მონაწილეთ, - აზერბაიჯანის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას, ბატონ ილჰამ ალიევს, საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ალი აჰმედოვს, სხვადასხვა ქვეყნის რელიგიურ ლიდერებსა და პოლიტიკურ მოღვაწეთ.


განსაკუთრებულად გვინდა მივესალმოთ კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელს, ბაქოს რელიგიათაშორისი და ცივილიზაციათაშორისი თანამშრომლობის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარეს, შეიჰ-ულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშა ზადეს, რომლის დაბადებიდან 70 და შეიხ-ულ ისლამად მსახურების 40 წლისთავის აღნიშვნა ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია ამ შეხვედრის აზერბაიჯანში ჩატარებისა.


გვინდა მივულოცოთ მას ეს შესანიშნავი თარიღი და დიდი ხნის ნაყოფიერი სიცოცხლე ვუსურვოთ. ჩვენი მეგობრობა ათეულობით წელს ითვლის და მიმაჩნია, რომ სამაგალითოა არა მარტო თანამედროვეობისათვის.


ძვირფასო ძმაო, ვწუხვარ, რომ პირადად ვერ შევძელი ბაქოში ჩამოსვლა და ამ მეტად მნიშვნელოვან დღეს თქვენს გვერდით ყოფნა, რათა სხვებთან ერთად გამეზიარებინა საერთო სიხარული.


ყველასთვის ცნობილია თქვენი დაუღალავი შრომა და მოღვაწეობა კავკასიის ხალხებში ურთიერთსიყვარულისა და პატივისცემის განმტკიცებისთვის. თქვენ ბევრი გააკეთეთ მშვიდობისა და მეგობრობის გასაღრმავებლად არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში. ფრიად ნაყოფიერია თქვენი აქტიური მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ღონისძიებებშიც.


შემთხვევითი არ არის, რომ წლების წინ სწორედ ბაქოში ჩაეყარა საფუძველი ინიციატივას, რომელიც ერებსა და ცივილიზაციებს შორის მშვიდობის განმტკიცებისთვის თანამშრომლობას ისახავს მიზნად. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს ეპოქაში, დაძაბული პოლიტიკური გარემო კაცობრიობას დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს და ხალხებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებას სულ უფრო აქტუალურს ხდის, ეს კი შეუძლებელი იქნება რელიგიურ ლიდერთა თანადგომის გარეშე.


რელიგიური ლიდერების მსოფლიო სამიტი უკვე არაერთი წელია იმართება. მართალია, ამ დროის განმავლობაში მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ უცვლელი რჩება სამიტის ძირითადი თემები, - გლობალიზაციის ზეგავლენა რელიგიასა და ტრადიციულ ღირებულებებზე და მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ადამიანური ღირსებების დაცვა.


დღეს ყველგან თითქოს ყველაფერში ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის კეთდება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ რეალურად ადამიანი ასეთი დაუცველი იშვიათად ყოფილა. ამის მიზეზი ისიცაა, რომ მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს ხშირად ჩამორჩება ზნეობრივი, სულიერი განვითარება და ამ პრობლემების დასაძლევად რელიგიურმა ლიდერებმა თავისი სიტყვა უნდა თქვან.


ძირეული განსხვავებების მიუხედავად, ყველა ტრადიციული რწმენის აღმსარებელნი თანხმდებიან, რომ ადამიანი ღმერთის გამორჩეული ქმნილებაა და განსაკუთრებული დანიშნულება აქვს ამ სამყაროში.


ჩვენ ჩვენი უმთავრესი ღირებულებების ტრიადა ასე ჩამოვაყალიბეთ, - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ადამიანზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერია. ამიტომაც, ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ სიმართლის დასაცავად, ადამიანური ღირსების მოსაფრთხილებლად და მშვიდობიანი გარემოს დასამკვიდრებლად. ერთი აღმოსავლური ანდაზა ამბობს: “ძმა ძმას მანამდე ვერ გაიმეტებს, ვიდრე ახსოვს, რომ ის მისი ძმა არისო”. ნებისმიერ ადამიანში მოყვასის დანახვისა და ძმის განცდის უნარი მოგვცეს უფალმა.


მისი აღმატებულების, ბატონ ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით ტოლერანტობის სულისკვეთება აზერბაიჯანში დღეს წინა პლანზეა წამოწეული. ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების, როგორც რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ინტერესების დაკმაყოფილება კვლავ გაგრძელდება და უძველესი ქართული კულტურის ძეგლთან, - დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხიც ძმური სიყვარულით სამართლიანად გადაიჭრება, როგორც ეს შეჰფერის მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებს.


კიდევ ერთხელ ვულოცავთ შეიჰ-ულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშა ზადეს საიუბილეო თარიღებს და ნაყოფიერ მუშაობას ვუსურვებთ ფორუმის ყველა მონაწილეს", - წერია ილია მეორის მისასალმებელ სიტყვაში.