მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბექა კვიციანს ბრალი წარუდგინეს

  • 15 ნოემბერი 21:45

თბილისის ზღვაზე კაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილს - ბექა კვიციანს ბრალი განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წაუყენეს.

მისი ადვოკატი ბრალდებულის ფსიქიკურ არამდგრადობაზე საუბრობს. მან პროკურატურაში სამედიცინო ექსპერტიზის შუამდგომლობის საკითხი უკვე დააყენა. ასევე ცნობილი გახდა, რომ კვიციანს წინასწარი დაკავების იზოლატორში სამართალდამცველებზე თავდასხმის გამო ბრალი ერთი მუხლით დაუმძიმდა.  


კვიციანი 13 ნოემბერს დააკავეს. 12 ნოემბერს ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ ოჯახი მის ძმისშვილს უკვე რამდენიმე დღეა ეძებს.


"არაფერი ვიცი, არიან ერთმანეთის ნათესავები, ერთად გაზრდილები და ჩემი ძმისშვილი მისი ბავშვის ნათლიაა. ამიტომ ჯერ ვერაფერს გეტყვით. არაფერი ვერსია არ არსებობს. ჩემი ძმისშვილი ამ დრომდე არ გამოჩენილა", - განაცხადა დეპუტატმა. 


თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.