კორონავირუსის მსხვერპლთა ოჯახები სამართალს ითხოვენ

  • radiotavisupleba.ge
  • 21 ივნისი 21:38

კორონავირუსის პანდემიის სტატისტიკა ზრდას განაგრძობს. დღემდე დაავადებამ გამოიწვია 465 ათსი ადამიანის სიკვდილი, უამრავი ადამიანის ცხოვრება დაინგრა, ეკონომიკა ქაოსში აღმოჩნდა.

ჭირისუფლები - განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებმაც დააგვიანეს მოქმედება, ან სადაც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყენებული მეთოდები ეჭვებს ბადებს - პასუხს მოითხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომლებმაც, მათი აზრით, თავი ვერ გაართვეს კრიზისს.


მსოფლიო მოწმეა პირველი სასამართლო პროცესებისა მთავრობების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალს სდებენ უმოქმედობაში ან არასწორ გადაწყვეტილებებში. და საქმე ისე გამოიყურება, რომ სწორედ ის სახელმწიფოები, რომლებსაც უჩივიან, უფრო და უფრო ასუსტებენ საკარანტინო ზომებს, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება პანდემიის მეორე ტალღის გაჩენის შიშები.


ერთ ევროპულ ქვეყანაში პროკურორებმა პრემიერ-მინისტრი დაკითხეს პანდემიაზე მთავრობის თავდაპირველ რეაქციასთან დაკავშირებით. მეორეგან მოქალაქეებმა სასამართლოში უჩივლეს მინისტრთა კაბინეტს, რომელმაც, მათი თქმით, გამოიწვია „ადამიანთა სიკვდილი უგულებელყოფის გამო“. ხოლო იქ, საიდანაც დაიწყო პანდემია, სასამართლოში საჩივარი შეიტანეს და რესტიტუციას ითხოვენ, როგორც ირწმუნებიან, ინფექციის გავრცელების მიჩუმათებისთვის.


ამ სტატიაში მიმოვიხილავთ რამდენიმე სასამართლო საქმეს. ისინი ნათელყოფს, რას მოიმოქმედებენ რიგითი მოქალაქეები სამართლის აღსადგენად, როცა, მათი აზრით, ხელისუფალთა მცდარი გადაწყვეტილებები ადამიანთა სიკვდილს იწვევს.


იტალია
 
„ეს ამბავი ვერ დამთავრდება და არ უნდა დამთავრდეს ასე... ამას იურიდიული შედეგი ექნება და ადეკვატური იურიდიული შედეგის იმედი გვაქვს.“ - კომენტარი Noi Denunceremo-ს ფეისბუკის გვერდიდან.


10 ივნისს კორონავირუსის მსხვერპლთა 19-მა ნათესავმა პირველი საჩივრები შეიტანა საერთო ჯამში 200-მდე საჩივრიდან ბერგამოს პროვინციის პროკურატურაში. მათ გაასაჩივრეს ხელისუფლების მოქმედებები ან უმოქმედობა ჩრდილოეთ იტალიის ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე. ბერგამო ერთ-ერთია ლომბარდიის 12 პროვინციიდან.


საფრანგეთი


„ჩვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა გამოავლინეს საფრთხეები, რომლებიც მომდინარეობს მათი გადაწყვეტილებებიდან საკვანძო მომენტებში, და უუნარობა, გააცნობიერონ გადაუდებელი პრობლემები.“ - პეტიცია, რომელიც მთავრობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.


საფრანგეთში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიო ათეულში შედის, ასობით ექიმი შეუერთდა ინციატივას პრემიერ-მინისტრ ედუარ ფილიპისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, აგნეს ბუზენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე.


შესაბამის პეტიციას 525 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. მანამდე კი საჩივარი იქნა შეტანილი მთავრობის წინააღმდეგაც.


 ამჟამად მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილია 80 საჩივარი, რომლებშიც მას ბრალს სდებენ კორონავირუსის ეპიდემიის დროს არაგანზრახ მკვლელობასა და გულგრილობაში.

სრული ვერსიის ნახვა radiotavisupleba.ge