ემიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა - რომელ ქვეყნებში მიდიან ქართველები

  • m2b.ge
  • 13 ნოემბერი 16:07

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიამ 2019 წლის მიგრაციის პროფილის შესახებ დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც რიგით მესამე ე.წ.საშუალო ფორმატის პროფილია და ეფუძნება მიგრაციის პროფილის შემუშავების უკვე არსებულ გამოცდილებას.

პროფილის მთავარი დანიშნულებაა ყველა სახის მკითხველს, მისთვის გასაგები ფორმით, მიაწოდოს განახლებული ინფორმაცია ძირითადი მიგრაციული ტენდენციების შესახებ და ამით ხელი შეუწყოს სფეროთი დაინტერესებული მკვლევარების და აკადემიური წრეების საქმიანობას, ასევე გამოყენებულ იქნას მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიგრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.


2019 წლის მიგრაციის პროფილში აღწერილია საერთაშორისო და შიდა მიგრაციასთან დაკავშირებული 2015-2018 წლების სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც M2B პერიოდულად გააცნობს მკითხველს.


სტატიაში აქცენტები გაკეთებულია მიგრაციულ ტენდენციებზე საქართველოში, ემიგრაციის კუთხით:



  • 2018 წელს გაზრდილია საქართველოდან წასულ ემიგრანტთა რაოდენობა. ყველაზე მეტი ემიგრანტი საქართველოდან კვლავ რუსეთში იმყოფება;

  • ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ მზარდია საქართველოს მოქალაქეთა მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. 2017-2018 წლებში საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე მეტი ვიზიტი გერმანიაში, იტალიაში და საბერძნეთში განახორციელეს;

  • 2015 წლიდან ზრდადია ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ბინადრობის ნებართვის მფლობენ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა. 2017 წელთან შედარებით მათი რაოდენობა 2018 წელს 8,5%-ით გაიზარდა. ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეების 60% საბერძნეთში, იტალიასა და გერმანიაში იმყოფება. ისინი ძირითადად, შრომითი (ანაზღურებადი) საქმიანობის და ოჯახის გაერთიანების საფუძველზე გაცემულ ბინადრობის ნებართვებს ფლობენ;

  • ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეთა მიერ ამ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი კვეთრად გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა თავშესაფარს საფრანგეთსა და გერმანიაში ითხოვდა;

  • ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნაზე საქართველოს მოქალაქეთა განცხადებების აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით 95%) შესაბამისი სამსახურების მიერ უარყოფილია იმ მიზეზით, რომ თავშესაფრის მოთხოვნა უსაფუძვლოდაა მიჩნეული;

  • ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდგომ, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებელი. ამასთან, საჰაერო საზღვარზე მიღებული უარების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე მიღებულ უარებს. ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში შესვლაზე უარის ყველაზე ხშირი მიზეზი ქვეყანაში ყოფნის მიზნის და გარემოებების დაუსაბუთებლობაა;

  • 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში გამოვლენილი არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ყველაზე მეტი არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქე გერმანიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთში გამოვლინდა;

  • ბოლო წლებში საქართველოდან რუსეთში ჩასულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა კლებულობს, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც რუსეთი დატოვეს იზრდება;

  • საქართველოს მოქალაქეების მიერ აშშ-ში ლეგალური ემიგრაციის მაჩვენებლები (მუდმივი ბინადრობის ნებართვები და მოქალაქეობა) ნეტ-ნაკლებად სტაბილურია. მუდივი ბინადრობის ნებართვების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეებზე აშშ-ის მოქალაქესთან უშუალო ნათესაური კავშირის და .ე.წ „მწვანე ბარათის“ გათამაშების საფუძველზე გაიცა;

  • საქართველოს მოქალაქეების მიერ თურქეთში ბინადრობის ნებართვის მიღების მაჩვენებელი ზრდადია. საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ძირითადად შრომის, ოჯახის გაერთიანების და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იმყოფებიან;

  • ბოლო ოთხ წელში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 32%-ით გაიზარდა. 2018 წელს კი ფულადი გზავნილების ოდენობამ გადააჭარბა ამავე წელს განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოში კვლავ რუსეთიდან შემოდის. თუმცა ბოლო წლებში მზარდია ისრაელიდან და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოსული ფულადი გზავნილების ოდენობაც. 


ეს დოკუმენტი უმთავრესად საქსტატის, ევროსტატის, გაეროს, საქართველოსა და უცხო ქვეყნების სახელმწიფო უწყებების ადმინისტრაციულ მონაცემებს და ცალკეული საჯარო დაწესებულებების დაკვეთით ჩატარებული კვლევების შედეგებს ეყრდნობა.

სრული ვერსიის ნახვა m2b.ge