"არასოდეს გახდეთ მსხვერპლი ბრმა მოწოდებებისა" - გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი "გირჩის" განცხადებას ემიჯნება

  • 12 ნოემბერი 18:54

"გირჩის" განცხადებას, რის მიხედვითაც 5 ნოემბერს სამტრედიაში გარდაცვლილ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს, გარდაცვლილის ოჯახი ეხმაურება.

"აწ გარდაცვლილი შაკო ბარამიძის მშობლების და ოჯახის საგანგებო განცხადება!!!


პოლიტიკური ორგანიზაცია "გირჩის" მიერ სხვადასხვა საინფორმაციო პორტალებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გვსურს განვმარტოთ შემდეგი:


გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება პოლიტიკური ორგანიზაცია "გირჩი" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის, მოლოდინში რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე.


დაკრძალვის თარიღი დაიგეგმა მიცვალებულის გარდაცვალების დღეს.


ოჯახი სრულად იზიარებს მართლმადიდებლური დიდი სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას მიცვალებულის წესის აგებასთან დაკავშირებით, ვართ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები. გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ხონი-სამტრედიის მთავარეპისკოფოსს მეუფე საბას ოჯახის ტრაგედიის მაქსიმალურად გაზიარებისა და გვერდში დგომისათვის.


მიცვალებულის სულისათვის წესის აგების საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი. პირველი გვსურს გამოვთქვათ მკაცრი პროტესტი, ოჯახის უდიდესი ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის გამოყენების მცდელობის გამო.
გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს ახალგაზრდობას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს ,,გირჩის,, მიერ დარეგისტრირებულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს.


არასოდეს გახდეთ მსხვერპლი ბრმა მოწოდებებისა".


"გირჩმა" გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად ავარიაში გარდაცვლილ 24 წლის შაკო ბარამიძესთვის სამტრედიისა და ხონის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე საბა წესის აგების საშუალებას ოჯახს არ აძლევს, რადგან ის "ბიბლიური თავისუფლების" წევრი იყო, რომელსაც სავარაუდოდ, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავის არიდების მიზნით მიმართა.


"ბიბლიური თავისუფლება" "გირჩის" მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციაა, რომელიც ნებისმიერ მსურველზე გასცემს მღვდელმსახურის მოწმობას. ორგანიზაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად შეიქმნა.