პატიმარი ამტკიცებს, რომ სამუდამო სასჯელი კლინიკური სიკვდილის დადგომისას მოიხადა

  • imedinews.ge
  • 10 ნოემბერი 00:03

აშშ-ში 66 წლის ბენჯამინ შრაიბერმა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, სასამართლოს გათავისუფლების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ The Washington Post-ი წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, შრაიბერი ამტკიცებს, რომ 2015 წელს მოკვდა, რითაც სახელმწიფოს წინაშე თავისი ვალი მოიხადა. 1997 წელს შრაიბერი 39 წლის კაცის მკვლელობისთვის გაასამართლეს. 2015 წელს კი პატიმარი ციხის საავადმყოფოში თირკმელში კენჭების გამო მოხვდა. მას გული ხუთჯერ გაუჩერდა, მაგრამ ექიმებმა პაციენტის გადარჩენა შეძლეს. 


2018 წელს შრაიბერმა სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ ციხეში უკანონოდ იმყოფება, რადგან მისი სასჯელის მოხდა გულის გაჩერებასთან ერთად უნდა შეწყვეტილიყო. მისი თქმით, საავადმყოფოში მოხვედრისას მან ექიმებს აცნობა, რომ რეანიმაციის წინააღმდეგია. მოსამართლემ შრაიბერის არგუმენტები არ გაიზიარა, რის შემდეგაც პატიმარმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა. 


„შრაიბერი ან ცოცხალია და ამ შემთხვევაში ციხეში უნდა იჯდეს, ან გარდაცვლილია, რა შემთხვევაშიც მის მიმართვას იურიდიული ძალა არ აქვს“, - ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს ანგარიშში. 


The New York Times-ის ცნობით, მსგავსი შემთხვევა აშშ-ში 1988 წელს მოხდა. მაშინ სასამართლოს ორი პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებულმა ჯერი როზენბერგმა მიმართა. მან განაცხადა, რომ გულზე ჩატარებული ოპერაციის დროს ტექნიკურად მკვდარი იყო, ექიმებმა კი სიცოცხლე დაუბრუნეს, შესაბამისად მან სასჯელი მოიხადა. პატიმრის არგუმენტები მოსამართლემ არც იმ შემთხვევაში გაიზიარა. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge