მამუკა მდინარაძე: „ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება, საუბარია 1 მილიარდ ევროზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობაზე დაიხარჯება“

  • 9 ნოემბერი 16:53

„ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება, საუბარია 1 მილიარდ ევროზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობაზე დაიხარჯება“, - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯომარე მამუკა მდინარაძე, ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუს ეხმიანება.

 

 

„ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება. ჩვენ ადვილად ვსაუბრობთ ხოლმე ამაზე, საუბარია 1 მილიარდ ევროზე, რომელიც ამ უნივერსიტეტის მშენებლობაზე დაიხარჯება. როცა ვსაუბრობთ, გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილ განათლების რეფორმაზე, ეს არის უდიდესი კომპონენტი ამ რეფორმაში. ვერც ერთმა ადამიანმა, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა ადრე, რომ გრძელვადიან პერსპექტივაზე გაეთვალა თავისი გეგმები, ეს პირველი გაბედა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ, მაშინ როცა ამ მასშტაბის რეფორმა დაიწყო და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილმა, ამ მასშტაბის ქველმოქმედება განახორციელა. 1 მილიარდი ევრო დაიხარჯება იმაში, რომ ჩვენ შვილებს, ჩვენ მომავალ თაობებს ჰქონდეთ გაცილებით მაღალი ხარისხის განათლება, იყვნენ გაცილებით კომპეტენტურები, ვიდრე ჩვენ ვართ, არ ქონდეთ პრობლემა დასაქმების და საქართველოში, ადგილზე მიიღონ ევროპული ხარისხის განათლება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფეისბუქგვერდზე დღეს გამოქვეყნდა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუ. ინტერვიუში საუბარია, როგორ გაჩნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეა, როგორი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი და რით იქნება ის გამორჩეული.