კინემატოგრაფისტები: დაუშვებელია თანამედროვე საქართველოში ხელოვან ადამიანს ეზღუდებოდეს შემოქმედებითი თავისუფლება

  • 8 ნოემბერი 22:10

"ჩვენ, საქართველოს კინემატოგრაფისტები სოლიდარობას ვუცხადებთ კინორეჟისორ ლევან აკინს და ფილმის "სა ჩვენ ვიცეკვეთ" მთელ შემოქმედებით ჯგუფს",- ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ჩვენ, საქართველოს კინემატოგრაფისტები სოლიდარობას ვუცხადებთ კინორეჟისორ ლევან აკინს და ფილმის "სა ჩვენ ვიცეკვეთ" მთელ შემოქმედებით ჯგუფს! დაუშვებელია თანამედროვე საქართველოში ხელოვან ადამიანს ეზღუდებოდეს შემოქმედებითი თავისუფლება! დაუშვებელია გარკვეული ჯგუფების მიერ გამოხატული მუქარა და ძალადობისკენ მოწოდება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას


მოვუწოდებთ ყველა საჭირო სახელმწიფო ორგანოს არ დაუშვას ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ კინოთეატრში მისული შემოქმედებითი ჯგუფისა და მაყურებლის ხელისშეშლა და საფრთხეში ჩაგდება. მოვითხოვთ ასევე უზრუნველჰყონ ფილმის მშვიდობიან პირობებში ჩვენების და ნახვის საშუალება. სოლიდარობას ვუცხადებთ როგორც ფილმში მონაწილე მსახიობებს, ასევე ყველა მოქალაქეს, რომელიც ფილმის გარშემო შექმნილი ფონის გამო აგრესიისა და სიძულვილის ენის ადრესატები გახდნენ. დღევანდელ საქართველოში აღარ უნდა ჰქონდეს ადგილი ცენზურას და ადამიანების დისკრიმინაციას მათი ეთნიკური წარმოშობის, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციისა თუ სხვა კუთვნილების გამო",- ნათქვამია განცხადებაში.


კინოთეატრ "ამირანთან" სიტუაცია დაძაბულია. აქციის წევრები კინოთეატრში შეჭრას და ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ჩაშლას გეგმავენ. მათ "ამირანში" შეჭრის შესაძლებლობას სამართალდამცავები არ აძლევენ. კინოთეატრთან დამატებითი საპოლიციო ძალებია მობილიზებული, რომლებიც ფარებით და ჩაფხუტებით არიან აღჭურვილები.