დღეს კახი კავსაძის დაბადების დღეა

  • 5 ივნისი 00:58

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი კახი კავსაძე დღეს 85 წლის გახდა.

კახი 1935 წელის 5 ივნისს თბილისში დაიბადა. 


მისი დაბადების შემდეგ მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ ტყიბულში. მამამისი, ლოტბარი დავით კავსაძე 1941 წელს მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. ის წითელი არმიის 224-ე მსროლელთა ბრიგადაში მსახურობდა, როდესაც ტყვედ ჩავარდა. ქართველ ტყვეთა ბანაკში დაინიშნა ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად. ომის შემდეგ, 1946 წლის 10 იანვარს საბჭოთა ხელისუფლებამ დავით კავსაძე დააპატიმრა და წაუყენა ბრალდება — სამშობლოს ღალატი ჩადენილი სამხედრო პირის მიერ. გადაასახლეს სვერდლოვსკის ოლქში, სადაც ის გარდაიცვალა.


კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან, არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981), ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი (1989).