წვევამდელთა რაოდენობა მცირდება

  • 1 ივნისი 19:23

სამხედრო სავალდებულო სამსახურში წელს მცირე რაოდენობით გაიწვევენ. 2020 წლის იანვარში მიღებულ შესაბამის დადგენილებაში ცვლილება შედის.

ცვლილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 1 400-ის ნაცვლად, 600-ით განისაზღვრება.


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 1328-ის ნაცვლად, 141 იქნება.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 950-ის ნაცვლად 804-ით განისაზღვრება.


სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 200-ის ნაცვლად, 150 იქნება.


მოქალაქეთა გაწვევა 30 ივნისამდე განხორციელდება.