როდის ხდება სიზმრები და უნდა დავუჯეროთ თუ არა მათ?

  • nostal.ge
  • 31 მაისი 16:34

ამერიკელმა პარაფსიქოლოგმა ნენსი სონდოუმ (NANCY SONDOW) გადაწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ დაედგინა, თუ რამდენად შეიძლება დაუჯეროს ადამიანმა საკუთარ სიზმრებს. ამისთვის მან მეცნიერებაში ცნობილი დაკვირვების მეთოდი აირჩია. 1979-83 წლებში ნენსი რეგულარულად იწერდა თავის სიზმრებს და შემდეგ აღნიშნავდა, მათგან რომელი ახდა. შედეგები მართლაც რომ საოცარი აღმოჩნდა: სიზმრების დაახლოებით მეათედი მეტ-ნაკლებად წინასწარმეტყველური გამოდგა.

„ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და შეუძლებელია, შემთხვევითობას მივაწეროთ“, – ამბობს ნენსი, რომელმაც დაკვირვებების შედეგად კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი აღმოაჩინა. მისი განცხადებით, უმეტესად ის სიზმრები ხდება, რომლებიც პიროვნულ ხასიათს ატარებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად უბედურ შემთხვევებს უნდა შეეხებოდეს. უბრალოდ, ისინი მომავალ მოვლენებზე მიუთითებენ, რომლებიც უმნიშვნელოა. ამასთან, ასეთი სიზმრების დაახლოებით ნახევარი მეორე დღესვე ხდება, ხოლო დანარჩენი – 3-14 დღის განმავლობაში. „არადა, ჩვენ ამ ყველაფერს ხშირად ყურადღებას არც ვაქცევთ“, – აცხადებს პარაფსიქოლოგი.


მაგალითისთვის ნენსი იხსენებს, როდესაც დაესიზმრა, როგორ დადიოდნენ მის ეზოში წიწილები. სამი დღის შემდეგ იგი სკოლაში მივიდა, სადაც ბავშვებმა მშობლებისთვის თეატრალიზებული საღამო გაიმართეს. ნენსის მაშინვე გაახსენდა სიზმარი, როდესაც თავისი შვილი წიწილის ნიღბით დაინახა. „მე წინასწარ მივიღე ინფორმაცია, რომ ჩემი შვილი წიწილის როლს შეასრულებდა, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩემთვის გაუგებარი დარჩა, თუ რატომ მივიღე ასეთი უმნიშვნელო ცნობა“.


ეს ფაქტიც ნათლად მიუთითებს, რომ სიზმარში ინფორმაცია თითქოს თავისთავად მოდის. ნენსის დაესიზმრა, რომ ეკალს დაადგა ფეხი და ძალიან ეტკინა. მეორე დღეს კი სკოლიდან სახლში მისულმა შვილმა სთხოვა ფეხისგულიდან ხიჭვი ამოეღო, რომელიც მას თამაშის დროს შეერჭო. ამ შემთხვევაში სიზმარი, როგორც იტყვიან, პირდაპირ ახდა.


საბოლოოდ პარაფსიქოლოგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სიზმრები ყოველგვარი მომზადების, ვარჯიშის გარეშე ყოველთვის იძლევა ინფორმაციას მომავლის შესახებ. ეს მუდამ ასე იყო და ასე იქნება, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ეს ადამიანის კიდევ ერთი შენიღბული ფენომენი იყოს.


თუკი ნენსი სონდოუს მოსაზრებები ჭეშმარიტებას შეესაბამება, მაშინ თავისთავად ჩნდება კითხვა, რამდენად მართებულია სიზმრების ახსნის ათასგვარი განმარტებების გამოყენება, რომლებიც არაერთი საუკუნეა, დიდი პოპულარობით სარგებლობს? ნენსი დარწმუნებულია, რომ განმარტებები აუცულებლად შეიცავს რაციონალურ მარცვალს, მაგრამ ყველაფერი ყოველთვის პირად ასპექტში უნდა იყოს განხილული. სიზმრები, როგორც ადამიანის სხვა თვისებები, უაღრესად ინდივიდუალური მოვლენაა.


პარაფსიქოლოგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სპონტანურ, გაურკვეველ სიზმრებს და მიაჩნია, რომ სწორედ ასეთი სიზმრები შეიცავს გლობალური ხასიათის ინფორმაციას, რომელიც არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანს ეხება და სწორედ ამის გამოა, რომ ასეთი სიზმრები კონკრეტულობასააა მოკლებული. მას მაგალითად თავისი ბრიტანელი კოლეგის, კიტ ერნის შემთხვევები მოჰყავს:


ერნი ასევე დიდი ხნის განმავლობაში „აგროვებდა“ როგორც საკუთარ, ისე სხვების სიზმრების ჩანაწერებს. 1981 წელს მან ერთი ქალისგან „არეული“ სიზმარი ჩაიწერა, რომელიც რამდენიმე დღეში საოცარი სიზუსტით ახდა.


ქალს დაესიზმრა, რომ კინოთეატრში იმყოფებოდა და მეორე მსოფლიო ომის თემაზე გადაღებულ ფილმს უყურებდა. მთელი სიზმარი, ფაქტობრივად, ფილმის ერთი კადრისგან შედგებოდა: „ესესელის“ შავ ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა ბუდიდან პისტოლეტს იღებდა და რამდენჯერმე ესროდა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ ადამიანს. მსხვერპლის როლს ცნობილი ამერიკელი მსახიობი ასრულებდა (კონკრეტულად რომელი, ამას მკვლევარი არ ასახელებს).


თვითონ ამ ქალისთვის სიზმარს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ მკვლევარმა ის მაშინ გაიხსენა, როდესაც რამდენიმე დღის შემდეგ ამერიკის იმდროინდელ პრეზიდენტზე, რონალდ რეიგანზე თავდასხმა მოხდა. მართლაც საოცრად დაემთხვა ყველაფერი ერთმანეთს. რეიგანი ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი იყო, ხოლო თავდამსხმელი – ადრე აშშ-ის ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობის წარმომადგენელი, საიდანაც 1979 წელს ზედმეტი ექსტრემიზმისთვის გამოაძევეს. დაემთხვა ყველაფერი,  გასროლების რაოდენობაც კი. სიზმარი, მართალია ზუსტი იყო, მაგრამ რომ არა რეიგანზე თავდასხმა, ის სამუდამოდ გაუგებარი დარჩებოდა.

სრული ვერსიის ნახვა nostal.ge