5 თვის ჩვილმა კომაში გატარებული 32 დღის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა - შემთხვევა ბრაზილიაში მოხდა

  • imedinews.ge
  • 31 მაისი 12:08

ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში 5 თვის ჩვილმა კომაში გატარებული 32 დღის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა.

5 თვის დომ ანდრადემ საავადმყოფოში 54 დღე გაატარა, აქედან 32 დღეს ის კომაში იმყოფებოდა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული.

„თავიდან მას სუნთქვა უჭირდა და ექიმებმა იფიქრეს, რომ ეს ბაქტერიული ინფექციაა. თუმცა მკურნალობა შედეგს არ იძლეოდა და დომის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, ბავშვი სხვა ჰოსპიტალში გადაგვეყვანა, სადაც მას კორონავირუსი დაუდგინეს“, - აცხადებს ჩვილის მამა, ვაგნერ ანდრადე.

ჩვილის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მშობლები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა ერთ-ერთი ნათესავის სახლში სტუმრობისას მომხდარიყო.

14 ივნისს დომ ანდრადეს 6 თვე შეუსრულდება და ის ამ დღეს სახლში შეხვდება. ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსმა 1 წლამდე ასაკის 25 ჩვილი იმსხვერპლა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge